ლევან ხარაბაძემ აჭარისა და გურიის სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ლევან ხარაბაძის გადაწყვეტილებით, აჭარის სტრუქტურულ დანაყოფს გელა კანდელაკი, ხოლო გურიის სტრუქტურულ დანაყოფს ირაკლი სარჯველაძე უხელმძღვანელებენ.
შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დანაყოფების უფროსებისგან მოისმინეს ინფორმაცია, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონებში დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნის მაჩვენებლებს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა.
რეგიონებში გამართულ შეხვედრებს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.