აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ორგანიზაცია „მომავლის პალიტრას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრასთან“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი მინისტრმა დავით ფაცაციამ და „მომავლის პალიტრის“ სოციალური საგანმანათლებლო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ტუღუშმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერისათვის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარებითა და ერთმანეთთან კოორდინაციით ერთობლივი პროექტების განხორციელება.
„თანამშრომლობა ითვალისწინებს პროექტის – „არ დავავიწყოთ ქართული“ ფარგლებში, ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებას.
ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ყველა ის ინიციატივა და პროექტი, რომელიც დევნილი ახალგაზრდების უკეთესი მომავლის შექმნას და მათთვის უფრო მეტი შესაძლებლობების მიცემას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა ნაყოფიერ და მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს.“ – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.