აჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგები დაიწყო
აჭარაში მზარეულებისთვის პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, სადაც განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებს თევზეულის დამუშავება-მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ.
ერთკვირიანი ტრენინგები ასევე ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებებს შემდეგი მიმართულებით: ხორცის ტექნოლოგიები და ღია ცეცხლზე მომზადება, ფრინველის დამუშავება და ფრინველის კერძის მომზადება, ხორცეულის კერძების მომზადება, ბოსტნეულის და მხალეულის კერძების მომზადება, ცომეულის მომზადება. ტრენინგების მიზანია მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.
ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, შემდეგი კვირიდან კი შუახევისა და ქობულეთის მზარეულებისთვის გაგრძელდება. ივნისის ბოლომდე ტრენინგები ხულოსა და ხელვაჩაურის მზარეულებისთვისაც იგეგმება. მზარეულების ტრენინგებში მონაწილეობის მსურველს რეგისტრაციის გავლა სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ შეუძლიათ.
“ჩვენ აქტიურად ვემზადებით ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის და ვანხორციელებთ სხვადასხა ტიპის სწავლებებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის. ამ ეტაპზე, აქტიურად დავიწყეთ ტრენინგები აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ხორცის, თევზის, ქათმის, ცომეულისა თუ ბოსტნეულის დამუშავება და კერძების მომზადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მთაში მოგზაურებს დახვდეთ უგემრიელესი ქართული სამზარეულო იმ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რომელიც მიღებულია წამყვან ტურისტულ მიმართულებებში,“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.