აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადღესასწაულო ღონისძიებების მთავარი ნაწილი სოფელ ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში ჩატარდა. დღის განმავლობაში სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ მუზეუმში არსებული ექსპონატები, გაცნობოდნენ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მასალებს.
„ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის მერი გიგა გაბელაია და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერლის შვილიშვილი კონსტანტინე გამსახურდია ესწრებოდნენ.
სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე ეთნოგრაფიულ სახლში, ექსპოზიციებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
„კონსტანტინეობა“ კონცერტით დასრულდა, რომელშიც მგალობელ – მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ და ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.