ფერმწერი თამაზ (თაზო) ხუციშვილი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში თეატრის მხატვარი, ფერმწერი თამაზ (თაზო) ხუციშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლევან თაქთაქიშვილი ავრცელებს.
„საქართველოს აღარ ჰყავს უნიკალური შემოქმედი, ბატონი თაზო ხუციშვილი“! – წერს ლევან თაქთაქიშვილი.
დაიბადა 1943 წელს თბილისში, ექიმების ოჯახში, ფიქრის გორაზე, სადაც დღემდე ცხოვრობდა.
თამაზ ხუციშვილმა 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სწავლობდა პროფესორ ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში. ამავე აკადემიაში ასწავლიდა 1967-1999 წლებში. 1996 წლიდან ასწავლიდა ფერწერას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე. გამოფენებში მონაწილეობდა  ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან.
თამაზ ხუციშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა 1998 წელს თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
მხატვარი არის ათეულობით საბავშვო წიგნის ილუსტრატორი და გააფორმა მრავალი სპექტაკლი საქართველოს დრამატულ და მუსიკალურ თეატრებში. კერძოდ, რუსთაველის, მინიატურების თეატრის, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლები. 1988 წელს იყო პეკინის სამხატვრო ინსტიტუტის პედაგოგი; 1994 წლიდან იყო საქტელერადიო კორპორაციის I არხის საავტორო გადაცემის – „უჩარჩოოდ” – წამყვანი.
თამაზ ხუციშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სამხატვრო ფონდში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ხალხთა და ხელოვნების მუზეუმში, საქართველოსა და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში.
1993 წლიდან თამაზ ხუციშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდებას ატარებს. 1998 წელს გახდა ჩინეთის მხატვართა საგაზაფხულო გამოფენის (პეკინი) საუკეთესო მხატვარი. 1999-2000 წლებში მიიღო თბილისის საშობაო გამოფენის გრან-პრი. მონაწილეობდა  ფილმებში: მიხეილ ჭიაურელის „ჭიდაობას რა უნდა“, ნოდარ მანაგაძის რამდენიმე ფილმში, ელდარ შენგელაიას ბოლო ფილმში „ექსპრეს ინფორმაცია”.
2007 წელს თამაზ ხუციშვილს და მის შვილს გია ხუციშვილს ჰქონდათ ერთობლივი გამოფენა გალერეა „ვერნისაჟში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები