სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი თურქეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, როლანდ კვაჭაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, იური ფირცხალაიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენას (SAHA 2026) დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოფენაზე საქართველოს დელეგაციის წევრები თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ინდუსტრიის მიღწევებს, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ ტექნოლოგიებს გაეცნენ.
“ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახურის მარმარილოს ზღვისა და სრუტეების რეგიონის მეთაურს, კონტრ-ადმირალ სერკან ტეზელს შეხვდნენ, სადაც მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ასევე, ხაზი გაესვა თურქეთის სანაპირო დაცვის მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის პირადი შემადგენლობის მომზადება და ფლოტის ტექნიკური მზადყოფნის შენარჩუნება. სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ, თურქ კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა,”- წერია ინფორმაციაში.