მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს” ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს” ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მარიამ ლაშხმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიების გამართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

„ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია. ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს პროექტებში ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ და აღნიშნულ თემებზე ახალ ინიციატივებს ქმნიან.

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც დემოგრაფიულ გამოწვევებზე და ოჯახის გაძლიერების საკითხებზე მუშაობს.

„სულ მალე წარვადგენთ პირველად რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართული იქნება ოჯახის ხელშეწყობისკენ, ასევე სახელმწიფო პროგრამების გადახალისებისა და გაუმჯობესებისკენ. ჩვენს ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი ახალგაზრდობა, ძლიერი ოჯახები და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით სისტემური პოლიტიკა არსებობდეს”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ლაშხმა პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლებისა და დიასპორის წარმომადგენელებს მადლობის სიგელები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები