ნიკოლოზ მეტრეველი – რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე: საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას ისეთი პროცესების პროვოცირება, რომელმაც შეიძლება ქვეყანა სამხედრო ესკალაციის ან ჰიბრიდული ზეწოლის ახალ ეტაპზე გადაიყვანოს
„საქართველომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას არ შეუერთდა არა იმიტომ, რომ უკრაინის ტკივილს ან საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობას არ აღიარებს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია პირველ რიგში საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური სტაბილურობის რეალური რისკები გაითვალისწინოს“- ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
მეტრეველი თავის პოსტში განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას და შესაძლო რისკებზეც საუბრობს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს ემოციებით კი არა, ეროვნული ინტერესებით იღებს.
„საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა, რომელიც იმყოფება განსაკუთრებულად რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. ჩვენთვის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი პირდაპირ მტრულ აქტად აღიქვამს, შეიძლება გადაიზარდოს უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევაში. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საკითხზე სპეციალურ ტრიბუნალში მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლური პოლიტიკური ჟესტი არ იქნებოდა, ეს რუსეთის მხრიდან აღქმული იქნებოდა როგორც ღია პოლიტიკური და სამართლებრივი კონფრონტაციის ნაწილი.
საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას ისეთი პროცესების პროვოცირება, რომელმაც შეიძლება ქვეყანა სამხედრო ესკალაციის ან ჰიბრიდული ზეწოლის ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება, ეს მწარე გამოცდილება საქართველომ უკვე მიიღო 2008 წელს, და ისიც ვნახეთ, თუ როგორ “ბოლომდე გვერდით დაგვიდგნენ” ჩვენი ე.წ მეგობარი ქვეყნები. ასევე, აუცილებელია ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებაც. საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონულ სტაბილურობაზე, ტურიზმზე, ექსპორტზე, სატრანზიტო ფუნქციაზე და ფინანსურ ნაკადებზე. ნებისმიერი მკვეთრი ესკალაცია რუსეთთან ურთიერთობაში მყისიერად აისახება: ექსპორტის შეზღუდვებზე; ტურისტული ნაკადების შემცირებაზე; ენერგეტიკულ და სავაჭრო რისკებზე; ლარის კურსსა და ინვესტიციებზე; დასაქმებასა და მცირე ბიზნესზე;
აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს ემოციებით კი არა, ეროვნული ინტერესებით იღებს.
გავიმეორებ, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური სტაბილურობის დაცვა და ქვეყნის განვითარების გაგრძელება ისე, რომ არ გახდეს დიდი ძალების დაპირისპირების უშუალო პოლიგონი და საბოლოოდ მსხვერპლი.“- წერს მეტრეველი.