ზაქარია ქუცნაშვილი: საჯარო ასპარეზზე მალე გამოვალ

სადეპუტატო მანდატის შეჩერებისა და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ზაქარია ქუცნაშვილი პირველ კომენტარს report.ge-სთან აკეთებს. ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ დუმილის დრო დასრულდა და უახლოეს დღეებში საჯარო ასპარეზზე გამოვა.

მისი თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დღეს განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რამაც მას პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარის თქმა აიძულა, თუმცა, ქუცნაშვილის მტკიცებით, ამ დროის განმავლობაში, მის წინააღმდეგ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია აგორდა, მოსახლეობაში ბევრი შეკითხვა დაგროვდა, რაც პასუხის გაცემას საჭიროებს.

“15 ან 16 სექტემბრისთვის კვლავ გამოვალ საჯარო ასპარეზზე და ჩემს სათქმელს ვიტყვი. მთელი ამ დროის განმავლობაში ადგილი აქვს ჩემს წინააღმდეგ აგორებულ  ცილისმწამებლურ კამპანიას. მოსახლეობაში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა და თავს ვალდებულად ვთვლი, პასუხი გავცე ამომრჩეველს”, – აღნიშნავს ზაქარია ქუცნაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა დეპუტატის მანდატი შეუჩერა, ის კვლავ რჩება “ქართული ოცნების” წევრად. რა ტიპის საჯარო აქტივობას გეგმავს ყოფილი დეპუტატი და კონკრეტულად რას გულისხმობს “საჯარო ასპარეზზე” გამოსვლაში, ის არ აკონკტეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ “მისი დაფუძნებული პარტიიდან არსად წასვლას არ აპირებს”.

ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებაზე 21 ივნისს განაცხადა. მან თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე ბოდიშიც მოუხადა. ამას წინ უძღოდა, 20 ივნისს, პარლამენტში, მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში, რუსული დელეგაციის ვიზიტი. ასამბლეას რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ ენაზე უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან. როგორც გაირკვა, ასამბლეის ფორმატის შესახებ ინფორმირებული იყო ქუცნაშვილი, რომელიც ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობდა.

„მე არ მაქვს თანამდებობა პარლამენტში, ერთადერთი რაც მაქვს, არის დეპუტატის თავისუფალი მანდატი. ამიტომაც მე დღეს ვაცხადებ, მზად ვარ დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

3 სექტემბერს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას.

მოქმედი კანონმდებლობით, რადგან ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისის შემდეგ შეუწყდა, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარული არჩევნები 2020 წელს გაიმართება.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები