სოფელ ქვედა ვაშლოვანში მოსახლეობის მოთხოვნით, ხიდების რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება

ხულოში, სოფელ ქვედა ვაშლოვანში ადგილობრივი მოსახლეობა ხიდების რეაბილიტაციას მოითხოვს. ორი, რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარე ხიდი გასულ საუკუნეშია აგებული და მას შემდეგ, კონსტრუქციაზე მხოლოდ ადგილობრივები ზრუნავენ. მორყეულია მოაჯირი და ხიდის ფსკერიც დაზიანებულია. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე გადაადგილება საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დროთა განმავლობაში მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილების შედეგად, ხიდის ჩანგრევის საფრთხე არსებობს. სოფელი, სადაც 500-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, ცენტრალურ გზას ამ ორი ხიდის მეშვეობით უკავშირდება. აქვეა სასწავლო დაწესებულებაც, სადაც სოფელში მცხოვრები მოსწავლეები დადიან. სამარშრუტო ტაქსი, რომელიც სკოლას ემსახურება ყოველდღიურად, ხიდზე გადაადგილდება.
როენა ხოზრევანიძე სოფელ ვაშლოვანში ცხოვრობს. იგი პედაგოგია. ყოველდღიურად უწევს ტერიტორიაზე გადაადგილება. ამბობს, რომ ხიდებზე მხოლოდ სოფლის მოსახლეობა ზრუნავს. ხოზრევანიძე ადგილობრივ თვითმმართველობას ხიდის გამაგრებასა და სხვა საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოებს სთხოვს.
,,კატასტროფულ მდგომარეობაში ნამდვილად არაა, თუმცა მძღოლი და ქვეითი სანამ არ დარწმუნდება, რომ გავლა საფრთხის შემცველი არაა მანამ ვერ გაივლის, რადგან გადაადგილების დროს გრძნობ როგორ მოძრაობს, გამყარება ნამდვილად სჭირდება. სოფელიძალიან დიდია, რამდენიმე უბნადაა დაყოფილი და ყველა ამ ტერიტორიაზე გადაადგილდება, 600 ოჯახი სარგებლობს ხიდით“,- ამბობს როენა ხოზრევანიძე.
პრობლემაზე საუბრობენ მძღოლებიც. მათი თქმით, კონსტრუქცია ავარიულია და დროულ რეაბილიტაციას საჭიროებს.

სოფელ ქვედა ვაშლოვანის საჭიროების შესახებ ინფორმირებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყებაში ,,რეგიონულ კვირასთან“  ამბობენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, საკითხი შესწავლილია და ხიდების რეაბილიტაცია მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები