ქართველი მკვლევარის აზრით, სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო, დასავლეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტს შეუზღუდავს

ძალიან მალე მოსალოდნელია, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადებები გამოაქვეყნონ, რომ მათ საქართველოში ვიზიტისგან თავი შეიკავონ, რადგან აქ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ მკვლევარმა, “East West Management” ინსტიტუტში საჯარო პოლიტიკის ექსპერტმა, ნოდარ ტანგიაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში სუნელებში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით განაცხადა.

​”იმის პარალელურად, რომ “დაავადებათა კონტროლის ცენტრმა” შეიმუშავა სტრატეგია, ათასობით ჩვენგანი ვიწამლებით მძიმე მეტალით იმ სწრაფი კვების ობიექტებში, რესტორნებში, სასადილოებში, სადაც ყოველდღიურად დავდივართ და კიდევ – ათასობით ოჯახი იწამლება სახლში. ვიწამლებით ისევ სუნელებით, რომლებშიც უკვე მერამდენედ, ამჯერად წამყვანმა ამერიკულმა კომპანია “Pure Earth”-მა აღმოაჩინა ნორმაზე 2, 700-ჯერ მეტი ტყვია, რაც საშიშია სიცოცხლისთვის.

შარშან მარტში ჩვენი სამოქალაქო ჯგუფის თხოვნით ჩატარებულ კვლევებში ქართულმა ლაბორატორიამაც მიაკვლია ნორმაზე 1321-ჯერ მეტ ტყვიას თბილისის ოჯახებიდან ამოღებულ სუნელში. ტყვია არა მარტო პირის ღრუდან ხვდება ჩვენს ორგანიზმში, არამედ მის მტვერს ბავშვებიც შეისუნთქავენ. ყველა ექსპერტი ამბობს, რომ ტყვიის დიდი რაოდენობა სუნელებში ვერ მოხვდებოდა ბუნებრივად (მიწიდან). ფერის მისაცემად კონკრეტული კომპანია ან მეწარმე ტყვიის შემცველ საღებავს გვიყრის სუნელებში და მერე, არხეინად, ავაზაკურად, გვასაღებს ამ საწამლავს. და ჩვენც მოვიხმართ. ანუ, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გვიმეტებს!

2015 წელს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა საქართველოდან ჩატანილ სუნელებში დიდი რაოდენობით ტყვია აღმოაჩინა და აცნობა ხელისუფლებას. მაშინაც კატასტროფული რაოდენობა ტყვიის 27,000 ნაწილაკი აღმოჩნდა! ამდენი წელი გავიდა და დღეს თურმე ისევ ვიწამლებით.

რომელი სუნელია, როგორ გამოიყურება, შეფუთულია თუ ასაწონი, რომელი კომპანიის წარმოებულია, სად ერევა ის საღებავს ეს არავინ იცის და ვერც გვეცოდინება. ჩვენ ხომ საგამოძიებო ორგანო არ ვართ?! ამიტომ მივმართავ საქართველოს პროკურატურას და შს სამინისტროს, გაარკვიონ, რა ხდება და დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. მეტსაც გეტყვით ძალიან მალე მოსალოდნელია, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნონ გამაფრთხილებელი განცხადებები, რომ მათ თავი შეიკავონ საქართველოში ვიზიტისაგან, რადგან აქ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ერთმა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა უკვე დაიწყო ეს პროცესი. მას სხვებიც მიჰბაძავენ, ამას კი მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია. შედეგად რასაც მივიღებთ, ეს ყველასთვის ცხადია”, – განმარტა ტანგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები