საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსების იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსის – „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „არასათანადო მოპყრობის აკრძალვა“ იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა გახსნა. შეხვედრაზე ამირან გულუაშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
შეხვედრას კურსის ტუტორები და პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. მომხსენებლებმა მონაწილეებს სასწავლო კურსის შინაარსი და ფორმატი გააცნეს.
სასწავლო კურსები საერთაშორისო და ეროვნული კომპონენტებისგან შედგება და მისი ხანგრძლივობა სამ თვეს შეადგენს. საერთაშორისო ნაწილი შემუშავებულია ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ხოლო ეროვნულ კომპონენტს პროკურატურის ტუტორები ხელმძღვანელობენ.
არასათანადო მოპყრობის აკრძალვის სასწავლო კურსი მოიცავს აღნიშნული პრინციპის ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. განხილულია არასათანადო მოპყრობის დეფინიცია და აკრძალვის ფარგლები, თავისუფლებააღკვეთილ პირთა პატიმრობისა და მოპყრობის სტანდარტები, ასევე არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული გარანტიები და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულება.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სასწავლო კურსი მოიცავს ტრეფიკინგის დეფინიციებსა და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს, მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და დახმარების მექანიზმებს, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თავისებურებებს, აგრეთვე მსხვერპლთა უფლებების დაცვას, კომპენსაციასა და საერთაშორისო დაცვისა და რეპატრიაციის საკითხებს. ყურადღება ასევე ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას ტრეფიკინგზე და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევებს.
არასათანადო მოპყრობის აკრძალვის სასწავლო კურსის ფარგლებში გადამზადდება პროკურატურის 24 თანამშრომელი, ხოლო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე- 17 თანამშრომელი.
საქართველო ევროპის საბჭოს HELP-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების სიაშია. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში HELP-ის სასწავლო კურსების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. 2016-2025 წლებში საქართველოს პროკურატურაში 31 სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა და 500-მდე თანამშრომელი გადამზადდა.
საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტია პროკურორთა კვალიფიკაციის განგრძობადი ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაცია. ამ მიმართულებებით სასწავლო კურსები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.