პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა

პარიზში, „გრან პალეში”, პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა.
მათივე ცნობით, ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგენს. წელს ქართული სტენდის სლოგანია: „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად”.
„ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობენ ქართველი ავტორები, პოეტები, პროზაიკოსები, მთარგმნელები, მხატვრები, გამომცემლები და მუსიკოსები.
ფესტივალზე წარმოდგენილია ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ქართული ლიტერატურის სხვადასხვა პერიოდის ნიმუშები, თანამედროვე ქართველი მწერლების მოთხრობათა კრებულები, ქართველი მოდერნისტი მხატვრების ალბომები, თემატური გამოცემები და წიგნები, „ქართული ფილმის” დიაფილმები.
„ჩვენ აქ ვისმენთ ძალიან ბევრ კომპლიმენტს ქართული კულტურის მიმართ. 1600-წლიანი უწყვეტი ლიტერატურული განვითარების შედეგია ის, რომ დღეს საქართველო, ევროპის ცენტრში, უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ღირსეულად არის წარდგენილი თავისი მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურით.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველო, ლიტერატურასთან ერთად, წარდგენილია კინოთი, თეატრითა და სხვა სფეროებით. ამით საქართველო აცხადებს, რომ ის არა მხოლოდ გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპასა და აზიას, არამედ სრულიად განსხვავებული, უწყვეტი კულტურის ქვეყანაა, რომელიც მუდმივად ვითარდება”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ფესტივალის დღეებში დაგეგმილია დისკუსიები ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების შესახებ; ქართული ფილმების ჩვენებები; პოეზიისა და მუსიკის საღამოები; ვორქშოპები ქართული ანბანის პოპულარიზაციის კუთხით; ქართული კულინარიის პრეზენტაცია.
ფესტივალის დასკვნით დღეს, „სალ გავოს” საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართება კონცერტი – „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში”, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები