როგორ ჩაფლავდა რუსი ჯაშუში ბულგარეთში?

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ჯაშუშურმა სკანდალმა იფეთქა. „მთავარი გმირები“ კვლავ რუსები არიან. ბულგარეთის სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ სოფიაში მოქმედი რუსეთის ფედერაციის საელჩოს პირველი მდივანი ,,გრუ’’-ს ფარული ოფიცერია და ის არის მოქმედი ჯაშუში. 2019 წლის 25 ოქტომბერს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი ბულგარეთში მიიწვია და ჯაშუშის დეპორტაცია მოითხოვა. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის ელჩს 72 საათი მისცა იმისთვის, რათა რუსეთის დაზვერვის ოფიცერი ბულგარეთიდან გაეყვანათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცნობდნენ როგორც ,,Persona non grata’’. ადგილობრივ მედიაში ამ პირის ვინაობაც მალევე გამჟღავნა. ეს ადამიანი ვლადიმერ რუსიაევია.

როგორც ირკვევა, რუსიაევი ბულგარეთის მთავრობის წევრების გადაბირებას ცდილობდა. რუსი ჯაშუში მათ სახელმწიფო საიდუმლოებების, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის, ნატოს თუ სხვა ქვეყნების შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაციის მოწოდებას ითხოვდა. ასევე, დადგინდა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი აქტიურად გადაადგილდებოდა ბულგარეთის კურორტებზე და სხვადასხვა სასტუმროს თავისი ჯაშუშური ქმედებების დასამალად იყენებდა.

წყაროები ბულგარეთში აცხადებენ, რომ ამ ქვეყნის სპეცსამსახურები ,,გრუ’’-ს ოფიცრამდე მიიყვანა ბულგარეთში მოქმედი მოძრაობა ,,რუსოფილი’’-ს ხელმძღვანელის ნიკოლაი მალინოვის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ. მალინოვი ბულგარეთის ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით 2019 წლის სექტემბერში დააკავა. „რუსოფილი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბულგარეთში 2003 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ორგანიზაციის გაცხადებულ მიზნებს შორის არის ვითომ და ბულგარეთის გაძლიერება რუსეთთან თანამშრომლობის შედეგად, ასევე ბულგარელ და რუს ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავება. თანამშრომლობის შემკვრელი პათოსი საერთო ისტორიულ თუ მართლმადიდებლურ ტრადიციებს ეყრდნობა.

როგორც ვხედავთ, კრემლი გაცხადებულად მეგობარი სახელმწიფოების ტერიტორიებზეც კი არ თაკილობს აკრძალულ, მავნებლურ, პროპაგანდისტულ და ჯაშუშურ საქმიანობას. თუმცა, მისი ეს „თამაშები“ სულ უფრო ადვილად იშიფრება ხოლმე. კრემლმა აბსოლუტური უპატივცემულობა გამოიჩინა ბულგარეთის სახელმწიფო ინსტიტუტების, დიპლომატიური პროცესის და საზოგადოების მიმართ. ფაქტია, რომ კრემლი კვლავ უყურებს ამ სახელმწიფოს როგორც ვასალს, როგორც „მე-16-ე რესპუბლიკას“ და ცდილობს გავლენები მოახდინოს მის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.

მართალია, რუსეთი იმასაც სულ ცდილობს, რომ თავი ევროპული პოლიტიკური და რეგიონალური სტაბილურობის გარანტად წარმოაჩინოს, მაგრამ რეალურად, დემოკრატიული ქვეყნების კანონების და სუვერენიტეტის დარღვევაზეც კი თავხედურად მიდის.

წყარო : რეზონანსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები