„დამსაქმებელთა ასოციაცია” შრომის კოდექსში ცვლილებებზე: დაგეგმილი რეგულაციები იმაზე ბევრად მკაცრია, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში

0

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის, შალვა ცხაკაიას განცხადებით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იმაზე ბევრად მკაცრია, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ამის შესახებ ცხაკაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ახალი რეგუალციების მიღებამდე ამ რეგულაციების ზემოქმედების შეფასება უნდა გაკეთდეს და ცვლილებები მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებს შეეხოს.

„რეალურად არავინ ვიცით, რა გავლენას მოახდენს ეს საკმაოდ რთული და მძიმა რეგულაციები როგორც ბიზნესზე, ასევე ზოგადად ეკონომიკაზე საქართველოში. ჩვენ უნდა გავითვალსიწინოთ ის გარემო, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. წლის დასაწყისში უკვე საკმაოდ ბევრი რეგულაცია შევიდა ძალაში, რომელიც ძირითადად კერძო სექტორს შეეხო, მათ შორის დამსაქმებლებს. იყო სამშენებელო სექტორთან დეაკავშირებული ცვლილებები, განსაკუთრებით შეეხო მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოს მწარმებელი კომპანიებს. შემოვიდა ინციდენტების სავალდებულო დაზღვევა და ა.შ. აღნიშულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგი აჩვენა. ეს შედეგები ასახულია იმაში, რომ პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციები შემცირდა, კონკურენციის საერთაშორისო ინდექსში საქართველომ ჩამოიწია 4 საფეხურით ქვევით. მგინი, ყველა მოქალაქე გრძნობს თვის თავზე იმ სირთულეებს, რომელიც ზოგადად ეკონომიკაში შეინიშნება.

აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ აუცილებელია შევისწავლოთ, რა გავლენა ექნება შემოთავაზებულ ცვლილებებეს ეკონომიკასა და ბიზნესზე. მხოლოდ ამის შემდეგ განვახორციელოთ ცვლილებები. ჩვენი აპირველი და მთავარი მოთხოვნაა რეგულაციის ზეგავლენის შეფასება. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს ყველა ასეთ კანონპროექტთან დაკავშირებით. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ეს კეთდება, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის დანერგილი და სამწუხაროდ, მხოლოდ განცდებსა და რამდენიმე ადამიანის შეფასებებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი რეგულაციების წარმოდგენა. ჩვენ გვგონია, რომ, უნდა გაკეთდეს კონკრეტული კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ სად გვაქვს პორბლემები და იმ ადგილებს შეეხოს რეგუალცია, სადაც პრობლემებია. რამდენიმე რთული შემთხვევა მართლაც იყო და მართლაც ირღვევა დასაქმებულთა უფლებები ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შემთხვევები გამოდის მედიით და ამასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა მაღალია, მაგრამ არ ვიცით რეალურად რა სტატისტიკა გვაქვს, რომელ სექტორებშია ეს პრობლემები. ამ ინდივიდუალური შემთხვევების საფუძველზე ვიღებთ რეგულაციას, რომელსაც ვავრცელებთ აბსოლუტურად ყველაზე, ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა რომელიც გვაქვს.
ანუ ერთი მხრივ უნდა ჩატარდეს შეფასება რეგულაციის ზემოქმედებისა და მეორე მხრივ, ეს ცვლილებები შეეხოს კონკრეტულ მიმართულებებს და სექტორებს, სადაც არის რელაური პრობლემები და არა ყველას ერთად“, – განაცხადა ცხაკაიამ.

მისივე თქმით, ბიზნესსექტორი გონივრულობის ფარგლებში აცნობიერებს, რომ ევროდირექტივების მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, პრობლემა კი მაშინ ჩნდება, როცა აღმოჩნდება, რომ დირექტივაზე ბევრად მეტად მკაცრი რეგულაცია არსებობს და კიდევ უფრო მკაცრის მიღებაა შემოთავაზებული.
„ბიზნესი იწყებს ყვირილს და თავის დაცვას მაშინ , როცა ხედავს, რომ შემოთავაზებულია იმაზე ბევრად მკაცრი რეგულაციები, რომელიც მუშაობს ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. მთელმა მსოფლიომ არ აღიარა 48- საათიანი სამუშაო შეზღუდვა. ის შემოთავაზება რაც ჩვენთანაა, რომ 2 სამსახურში აიკრძალოს 48 საათზე მეტი მუშაობა ქართული ნოუ ჰაუა. მსოფლიოში ასე არსად ხდება. ადამიანებს ყველა ქვეყენაში აქვთ იმის უფლება რომ 2 სამსახური ჰქონდეთ, თუ ამის სურვილი აქვთ. ჩვენ გონივრულობის ფარგლებში ვაცნობიერებთ, რომ ევროდირექტივების მინიმალური მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა აღმოჩნდება რომ დირექტივაზე ბევრად მეტად მკაცრი რეგულაცია გვაქვს და კიდევ უფრო მკაცრს გვთავაზობენ. მაგალითისთვის, ევროდირექტივაში მოთხოვნაა, რომ თანამშრომელმა დაისვენოს მინიმუმ 11 საათი ყოველი სამუშაო დღის შემდეგ, ჩვენს კანონმდებლობაში 12 -საათიანი დასვენების ვალდებულებაა და ახლა შემოთავაზებული კანონპროექტით 13 -საათიანი გახდება, რადგან 8 სამუშაო საათს რომელშიც 1 სავალდებულო დასვენების საათი იქნება, სრულად 9 საათს მიემატება მხოლოდ 2 საათიანი ზეგანაკვეთური სამუშაო, რაც სულ 11 საათია. შესაბამისად, 11 საათზე მეტს ადამიანი ვეღარ იმუშავებს, ანუ შემდეგი 13 საათი ადამიანი ისვენებს“, – განაცხადა ცხაკაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.
კოდექსის მეხუთე მუხლი დასაქმებულების სამუშაოს მოცულობას განსაზღვრავს. კოდექსის მიხედვით, კვირაში ნორმირებული სამუშაო გრაფიკი 40 საათია, ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი 48. ამავე კანონის ერთ-ერთი მუხლი (16) კი განმარტავს, რომ აკრძალულია ერთზე მეტი სრული ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირების დასაქმება, თუ სამუშაო საათების მოცულობა კვირაში 48 საათს აღემატება.

შრომის კოდექსში ცვლილებების მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40 საათიანი სამუშაო დრო და 8 საათიანი ზეგანაკვეთური.
„მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვასაათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, სპეკულაციაა განცხადებები იმაზე, რომ ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.
„ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ისევე როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვალდებულებაა, რომ ადამიანი ამუშაოს ისე, არ შელახოს მისი უფლებები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია, ადამიანურ მორალთან ძალიან შორსაა, რადგან თითოეული ადამიანი მუშაობს და ამ კომპანიებისთვის სიკეთეებს ქმნის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი