რიმა ბერაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად “ISUZU“-ს მარკის ახალი ავტობუსით იმგზავრა

0

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად “ISUZU“-ს მარკის ახალი, 8-მეტრიანი ავტობუსით იმგზავრა.

მარშრუტზე – “მარჯანიშვილის მოედანი-სვანეთის უბანი“, მოძრავი ძველი ავტობუსები, ახალი, თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლდა.

“მოხარული ვარ, რომ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის განხორციელების შედეგებს ვხედავთ. მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ეს ავტობუსი სვანეთის უბნის ყველაზე მაღალ წერტილში ადის, აქ სულ აღმართია, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მცირე გაბარიტიანი ტრანსპორტის შერჩევა. სვანეთის უბანში მდებარეობს კავკასიის უნივერსიტეტი, სადაც ოთხი ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, აქ არის საჯარო სკოლა და სამი ბაგა-ბაღი, ამიტომაც ეს მარშრუტი მუდამ დატვირთულია. ავტობუსი ყოველ ათ წუთში მოძრაობს და მგზავრთა ნაკადის გადაყვანა ძალზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

საკრებულოს წევრთან ერთად, ახალი ავტობუსით რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ, მისმა მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა იმგზავრეს.

ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები.

კომენტარები

კომენტარი