გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის მესამე მასივში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

0

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა, სამგორის რაიონის გამგებელთან კახა სამხარაძესთან ერთად მესამე მასივში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

აბაშვილის ქუჩაზე, ე.წ სამხედრო დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, შიდა გზების მოწყობაც აქტიურ ფაზაშია.

“ამ დასახლებაში დაახლოებით 1700 ოჯახი ცხოვრობს, ეწყობა სპორტული მოედნები. საკალათბურთო მოედანი, რომელიც ამ ქუჩაზე კეთდება, სამგორის რაიონში პირველი იქნება. აქვე საფეხბურთო მოედანიც ეწყობა. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დასახლებაში უპრეცედენტო მასშტაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დედაქალაქის მერის ხელშეწყობით კეთდება, რისთვის მინდა კახა კალაძეს მადლობა გადავუხადო,“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

პროექტის ფარგლებში, ორივე სტადიონის გარშემო დამონტაჟდება ლითონის იზოლირებული ბადე, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები. ასევე, მოეწყობა ხელოვნური მწვანე საფარი და კაუჩუკის მოედანი.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში სანიაღვრე ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების ქსელი მოეწყო, აგრეთვე საერთო სარგებლობის გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტი, საერთო ჯამში, 35 000 მ2 ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი