გრიგოლ ლილუაშვილი: ჩვენთან საიმიგრაციო პოლიტიკა სრულად დაყრდნობილია, ჰარმონიზაციაშია მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან

“ჩვენთან საიმიგრაციო პოლიტიკა სრულად დაყრდნობილია, ჰარმონიზაციაშია მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შესაბამისად მოქმედებს ყველა რეგულაცია, რაც კი მიგრაციულ პოლიტიკას უკავშირდება. ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისა ჩრდილოატლანტიკური სივრცისკენ სვლასთან მიმართებაში, თუმცა ნებისმიერ განვითარებას, ნებისმიერ თავისუფლების ხარისხის ზრდას ნებისმიერ პროცესში თან მოჰყვება ხოლმე დიდი გამოწვევები უსაფრთხოების მიმართულებით”, -განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ რისკის ქვეშ დააყენონ ქვეყნის უსაფრთხოება.

“თუ ძალოვნებს შევეკითხებით, იმ ჭრილში, რა ჭრილშიც უწევთ მათ საქმიანობა, ბუნებრივია მათთვის უკეთესია, პროცესი არ იყოს მთლად თავისუფალ რეჟიმში, ვინაიდან სტუმარმოყვარე ქვეყანას შეუძლია მიიღოს გაშლილი ხელით და გულით უამრავი ტურისტი, თუმცა შემომავალი ტურისტებისგან მაინც გამოსარჩევი გვექნება სასურველი და არასასურველი პირები.  შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ რისკის ქვეშ დააყენონ ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობა ანუ სტაბილურობა, მაქსიმალურად ვცდილობთ შემომავალ ნაკადში გამოვხშიროთ ის ვიზიტორები, რომელთაც არ აქვთ დასაბუთებული პასუხი ვიზიტის მიზანზე, ვერ ასაბუთებენ შემოსვლის მიზანს, ფინანსურ შესაძლებლობებს, რომელ ქვეყანაში ჩამოვიდნენ ისიც კი არ იციან ხშირ შემთხვევაში, ეს ხდება უკვე ადგილზე, შემოსვლისას, გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კოლეგა უწყებას, საზღვარზე დგას შსს-ს დანაყოფები, შესაბამისად ჩვენ ჩვენი რეკომენდაციებით ვეხმარებით მათ გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მათ უცხოელი პარტნიორებიც ეხმარებიან, რომ წინასწარ ჰქონდეთ საქართველოში შემომავალი ვიზიტორების შესახებ ინფორმაცია.

“გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც, ვინაიდან წინასწარ ხდება იმ პირთა პირადი მონაცემების მიწოდება და გადამოწმება სპეციალურ ბაზებში, რომლებიც უკვე თვითმფრინავში სხედან მოემგზავრებიან საქართველოსკენ და ეს ელექტრონული პროგრამა გვაძლევს ჩვენ ამის საფუძველს. შესაბამისად, კანონმდებლობაშიც 2 წლის წინ, თუ არ ვცდები მივიღეთ ეს ცვლილება, რომ ნებისმიერი ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს გამომგზავრებელი და გამოსამგზავრებელი მგზავრების პირადი მონაცემები.

ეს საშუალებას გვაძლევს მოვიგოთ დრო, შესაბამისად მგზავრების ჰაერში ყოფნის პერიოდში პირველადი ფილტრი გავატაროთ ამ შემადგენლობას. მე სპეციალური ბაზები ვახსენე, რომელიც ჩვენც გაგვჩნია და ასევე უზარმაზარი ბაზა გააჩნია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ვისთანაც ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, შესაბამისად ჩვენ იდენტიფიცირებას ვახდენთ მათ ბაზებთან შესაბამისობაში მყოფ პარამეტრებთან. ამიტომ ეს პროცესი რა თქმა უნდა ურთულესია, თუმცა მიუღწეველი არაფერი არ არის, ვინაიდან იმ ფონზე, რომ ქვეყანა არის სატრანზიტო ქვეყანა, ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ნაკლები ზიანი მიიღოს ქვეყანამ შემოსული ვიზიტორებისგან”, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები