ნინოწმინდაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა 

ნინოწმინდაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ოჯახის წევრზე ფიზიკურად ძალადობდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან – დ.ვ.- სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს – 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩანიშნულია წინასასამართლო სხდომაც, ძალადობაში ბრალდებული მამა-შვილის საქმეს ახალქალაქის რაიონული სასამართლო განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები