სუბარი ჟიჟილაშვილს: ეს შეგნებული ტყუილია, ბოდიში მოიხადეთ ან განმარტების საშუალება მომეცით

“როდესაც თქვენ ადარებთ ბიძინა ივანიშვილის ბანკ “ქართუს” წინააღმდეგ საქმეს და “თიბისი ბანკის” საქმეს, ცუდ სივრცეში შევდივართ, რადგან ცასა და დედამიწასავით განსხვავებული თემაა, რომელთაც გადაკვეთის ერთი წერტილიც კი არ აქვთ”,- ასე უპასუხა გადაცემა “პირველების” წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, საუბარი, თითქოს “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” გზით მიდის, აბსოლუტურად არასწორია.

“როდესაც ივანიშვილი შემოვიდა, ადეიშვილმა შეიმუშავა სქემა, როგორ გაეკოტრებინა ბანკი. რამდენიმე ათეული მილიონი ლარის სესხები ჰქონდათ აღებული სხვადასხვა ბიზნესობიექტებს, მან უცებ გააკეთა ისეთი სქემა, რომ კანონი შეცვალა, ერთ დღეში შეიცვალა და ვისაც სესხი ჰქონდა აღებული, მას, პირველ რიგში, უნდა დაეკმაყოფილებინა სახელმწიფოს ვალი და თუ კიდევ რამე დარჩებოდა, დაიფარებოდა ბანკის ვალი. ამის შემდეგ, შეიცვალა მეორე კანონი, მცირე ხანში, და სახელმწიფოს ძალიან მარტივად მიჰქონდა ეს ქონება თავის საკუთრებაში.

აღმოჩნდა, რომ ბანკ “ქართუს” კრედიტორებს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ჰქონდათ. ეს დამტკიცებულია სასამართლოს მიერ. სინამდვილეში, მათ სახელმწიფოს ვალი არ ჰქონიათ, გაკეთდა 2007 და 2008 წლების ყალბი ანგარიშფაქტურები. ამ ადამიანებს ხელისუფლებამ წაართვა ბიზნესი, ბანკი “ქართუ” დატოვა ჰაერში, იმიტომ, რომ ვალს ვეღარ გადაუხდიდა და შემდეგ ისევ უკან მიჰყიდა ეს მრავალმილიონიანი თუ მრავალათასიანი ქონება.

ამ შემთხვევაში კი, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაიწყო იმ 17 მილიონის ძიება, მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება გამოცხადებული ჯერ არ ჰქონდა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის შეფასებით, ის, რომ ეს ორი საქმე არსობრივად ჰგავს ერთმანეთს, შეგნებული ტყუილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები