რასმუსენმა ნატოში უკრაინის შესვლის პირობები დაასახელა
ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის შესვლის პირობა დაასახელა.
როგორც რასმუსენმა თქვა, „პირველი – ნატოს შიგნით უნდა იყოს მიღწეული კონსენსუსი. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ასეთივე მნიშვნელოვანი ელემენტი – უკრაინამ საჭირო რეფორმები უნდა გაატაროს“.
მისი თქმით, ამჟამად კიევის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა რთულია, თუმცა არსებობს ვარიანტი, რომ უკრაინას სპეციალური პარტნიორის სტატუსი მიენიჭოს.
ამასთან, რასმუსენმა კიევის მიერ რეფორმების ნაწილის შესრულებას გაუსვა ხაზი, მაგალითად, „უკრაინამ შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“.
ადერს ფოგ რასმუსენი ორი დღის წინ თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა.
ნატოში საქართველოს გაერთიანებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება განიხილებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ალიანსის მეხუთე მუხლის გაუვრცელებლობის საკითხი.