თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს კახეთის რეგიონიდან დაიწყო.
შეხვედრას, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება. შეხვედრას ასევე ესწრებიან  მმართველი გუნდის წევრები, პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, ასევე განხილვაში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უპრეცედენტოა.

“მიგვაჩნია, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში ყველა პარტიას ექნება საშუალება მოხვდეს პარლამენტში. ასევე დაწყებული გვაქვს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც პარტიების დაფინასებისა და რეგისტრაციის წესებს შეეხება”- განაცხადა თალაკვაძემ.

 საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.

 საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და  ინიცირებულია ორი პროექტი. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება და უქმდება საარჩევნო ბლოკები. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დარეგისტრირებული პროექტი კი ითვალისწინებს, პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში, ასევე საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია 13 წევრისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები