ირაკლი სესიაშვილი: კრემლი კარგად ხვდება, რომ საქართველოს არ აქვს ამის შესაძლებლობა და არც არასდროს იფიქრებს ომზე რუსეთის წინააღმდეგ

ქალბატონი ზახაროვას ეს განცხადება არის კრემლის მიერ აქამდე უკვე გაცხადებული არაადეკვატური პოლიტიკის გაგრძელება, – ასე ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „საქართველოს იარაღით ამარაგებენ, ცდილობენ სამხედრო ბლოკებში ჩაითრიონ”.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა, მილიტარიზებულია აფხაზეთი და ცხინვალი, სადაც რუსეთს უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის დარღვევით სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული.
„ქალბატონი ზახაროვას ეს განცხადება არის კრემლის მიერ აქამდე უკვე გაცხადებული არაადეკვატური პოლიტიკის გაგრძელება. აქ ახალი არაფერია. არ ვიცი, ამ განცხადებაზე კომენტარს აზრი აქვს, თუ არა, იმდენად არაადეკვატურია. პირველი – არავინ არ გვითრევს არსად, ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, სადაც არის მშვიდობა, უსაფრთხოება, კარგად დაცული დემოკრატია და ადამიანის უფლებები. მეორე – თუ ვსაუბრობთ მილიტარიზაციაზე , როგორც ქალბატონი ზახაროვა ამბობს, ხდება საქართველოსთვის ჭარბი იარაღის მიწოდება ეს, გარდა იმისა, რომ სიცრუეა, კრემლმა ძალიან კარგად იცის, რომ ასე არაა. თუ მილიტარიზაციაზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, მილიტარიზებულია აფხაზეთი და ცხინვალი, სადაც რუსეთს უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის დარღვევით სამხედრო ბაზები აქვს. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ სადღაც ომში უნდა ჩაგვითრიონ, კრემლი ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველოს არ აქვს ამის შესაძლებლობა და არც არასდროს იფიქრებს რაიმე ტიპის ომზე რუსეთის წინააღმდეგ, არც სხვა მეზობლის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, იცის, რომ გვაქვს მშვიდობიანი პოლიტიკა. მაგრამ, კრემლის ეს რიტორიკა უკავშირდება რუსეთის ე.წ. საკუთარი ინტერესების დაცვის პოლიტიკას, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთს არ სურს ნატოს გაფართოება. ეს სიტუაციის მიმართ მისი მცდარი დამოკიდებულებაა. ნებისმიერ ცივილიზებულ, ნორმალურ სახელმწიფოს უნდა აწყობდეს ძლიერი, ცივილიზებული მეზობელი, მაგრამ, ცივილიზებული გაწყობს მაშინ, როცა თავად ხარ ცივილიზებული. როცა ავტოკრატიული ხელისუფლება გაქვს, არა მარტო რაიმე ტიპის საფრთხეებს ხედავ მეზობელში, არამედ პოლიტიკური საფრთხეებიც გაქვს, რადგან დემოკრატია, კეთილდღეობა გადამდებია“, – განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ“.
ამის შესახებ ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა, ანალიტიკოსებმა და ზოგადად მედიამ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით უამრავი განცხადებები გაკეთდა, რაც მოსკოვის მხრიდან პასუხს საჭიროებს. მისი თქმით, ფაქტია, რომ „საქართველოს იარაღით ამარაგებენ, ცდილობენ სამხედრო ბლოკებში ჩაითრიონ. ამასთან, ვაშინგტონსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ ყველაფერი ეს ამ ქვეყნის და ზოგადად რეგიონის სტაბილურობაზე ზრუნვით არის გამოწვეული. მუდმივად საუბრობენ რუსეთის ოკუპაციაზე“.
                                                                                                                                                                                                    თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები