შალვა ნათელაშვილი: მოსკოვი გააგრძელებს საქართველოს დაშლას, თუ არ გადაგვეფარა ამერიკის სამხედრო ქოლგა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შეფასებით, „ევროპაში მოქმედი პრორუსული ლობი მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ნატოში არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს – აფხაზეთ-ცხინვალიანად, თუ მის გარეშე“.
ამის შესახებ ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ვითარებაში მოსკოვი გააგრძელებს საქართველოს დაშლას, თუ არ გადაგვეფარა ამერიკის სამხედრო ქოლგა და ჩვენს ქვეყანაში არ გაიხსნა ამერიკის სამხედრო ბაზა, თუ სოხუმი არ გამოვაცხადეთ საქართველოს დედაქალაქად, ხოლო ცხინვალი საპარლამენტო ქალაქად. ამას დაუყოვნებლივ გავაკეთებთ, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილისტურ-პროპუტინისტური სატელიტი მარიონეტი, ხალხის მტერი რეჟიმი, რამდენიმე თვეში.
რასმუსენმა თქვა ის, რაც ევროპის ელიტაში მყოფ ბევრ ადამიანს უტრიალებს გულში, მაგრამ არ ამბობენ. ვეტყვი ბატონ რასმუსენს, რომელიც დანიელია, რომ თუ ასეთი მარტივია, თუნდაც დროებით საკუთარი ტერიტორიების დაცვაზე უარის თქმა, მაშინ მიჰყიდოს დანიამ ტრამპს გრენლადია. ჩვენ როგორ უნდა განვაცხადოთ თუნდაც დროებით უარი იმ ტერიტორიებზე, სადაც საქართველოს გულია?!
თეორიულად რომ დავუშვათ ასეთი შესაძლებლობა, უნდა დაისვას კითხვა, როგორ უნდა განსაზღვროს ნატომ საქართველოს რომელი ტერიტორია უნდა დაიცვას. ანუ ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ საზღვარი, რასაც ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივად „აღიარება“ მოჰყვება.
რაც შეეხება იმას, რომ ხშირად მოჰყავთ გერმანიის მაგალითი, უნდა აღინიშნოს, რომ გერმანია პოლიტიკური ნიშნით იყო გაყოფილი და არა – ეთნიკურით.
დასკვნა არის ერთი: ამ ეტაპზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებას პრორუსული ქვეყნები არ მისცემენ ხმას, როგორებიც არის საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ზოგიერთი სხვა ქვეყანა. ჩვენი გადარჩენის გზა გადის აშშ-ის უზარმაზარ სამხედრო ქოლგაზე.
გერმანია და საფრანგეთი საქართველოს ნატოში გაერთიანებას მხარს არასოდეს დაუჭერენ, სანამ მოსკოვიდან არ ექნებათ ნებართვა. ფრანგი და გერმანელი ცივ ზამთარში არასოდეს აიცილებს რუსულ გაზს და საკუთარ ოჯახს არ შეუქმნის პრობლემას. მთელი მსოფლიო პირველ რიგში თავის თავზე ფიქრობს, თავის ოჯახზე, თავის შვილებზე, იაფ ენერგომატარებლებზე და თუ ჩვენ გზაში ვეხიდებით აგვირჩევს არა ჩვენ, არამედ იმას, ვინც უზრუნველყოფს მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ უსაფრთხოებას“,-აღნიშნა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები