ფინეთის პრეზიდენტი: ჩვენთანაც არიან ადამიანები, რომლებსაც რუსეთი უყვართ, მაგრამ მათ დასცინიან
რუსეთთან ხანგრძლივმა და რთულმა თანაცხოვრებამ ფინეთში რუსულ პროპაგანდაზე იმუნიტეტი გამოგვიმუშავა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფორუმზე აღნიშნა.
როგორც რუსული მედია წერს, პრეზიდენტმა აქცენტი იმ ფაქტორზეც გააკეთა, რომ ფინეთში რუსეთის მოყვარულ ადამიანებს დასცინიან.
„როგორც იცით, რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი და ხშირად ძალიან რთული გამოცდილება გვაქვს. რაც შეეხება რუსეთის ამჟამინდელ გავლენებს, კერძოდ, დემოკრატიაზე ჰიბრიდულ თავდასხმებს, ამას ერთ მუშტად შეკრული საზოგადოებით ვპასუხობთ. ჩვენთანაც არიან ადამიანები, რომლებსაც რუსეთი უყვართ, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენთან დასცინიან – ამიტომ მათი რაოდენობა ძალიან მწირია“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
ამასთან მან განაცხადა, რომ რუსეთის ჰიბრიდული გავლენების შესაძლებლობებს სათანადოდ აფასებს: „არ ვხუჭავთ თვალს – ასეთ გავლენებს ვაანალიზებთ და მზად ვართ მასთან გასამკლავებლად ზომები მივიღოთ“.