ზაზა პაპუაშვილი: ამაზრზენია, რაც მოხდა, დევიდ კრამერმა ბოდიში უნდა მოიხადოს

დევიდ კრამერმა, რასაკვირველია, ბოდიში უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერსა და „პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს, შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„ორ ნაწილად შეიძლება ამ თემის გაყოფა: თუ კონფერენციაზე არ ხარ მიპატიჟებული, რა სტატუსით მიდიხარ და ა.შ.
იქ რაც მოხდა, ეს ამაზრზენია. ჯერ ერთი, თუ დიპლომატი ხარ, ეს რა ქცევაა? დავანებოთ თავი იმას, რომ ინაშვილი მანდილოსანია, ის პარლამენტის წევრია, ვიცესპიკერია, მაღალი თანამდებობის პირია. კრამერმა დებოში მოაწყო. შეიძლება, არ არის მთლად ჯანმრთელ მდგომარეობაში ან რაღაც აქვს მიღებული. ასეთი ეგზალტირება, ასე თავდასხმა უცხო ქვეყანაში, ასეთ თანამდებობის პირზე. მე, რომ მეუბნები, კვიციანს რომ ეუბნები თმენის ვალდებულებაზე, ამ კრამერს რისი ვალდებულება ჰქონდა , ხომ არ იცით?
ინაშვილი ჩემი კოლეგაა, ვიცესპიკერია, დავიცავ და მეტსაც ვიზამ. რასაკვირველია, კრამერმა ბოდიში უნდა მოიხადოს“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“, 10 სექტემბერს გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს, შორის შელაპარაკება მოხდა. კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ირმა ინაშვილი მივიდა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები