ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაკარგულად 2,5 ათასი ადამიანი ითვლება
ბაჰამის კუნძულებზე დამანგრეველი ქარიშხლის „დორიანის“ შედეგად დაკარგულად 2,5 ათასი ადამიანი ითვლება.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters საგანგებო სიტუაციათა სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.
წითელ ჯვარში განაცხადეს, რომ ბაჰამებზე განადგურებული ან დანგრეულია 13 ათასზე მეტი სახლი. რეგიონისთვის მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, 6,5 მილიარდი იქნება.
Reuters ასევე წერს, რომ ფლორიდის შტატის კანონმდებლებმა, ასევე ფედერალურმა ხელისუფლებებმა აშშ-ის პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს, რომ ბაჰამის კუნძულის მოსახლეობას „დროებით დაცული პირის“ სტატუსი მაინიჭონ. აღნიშნული სტატუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ქვეყნები ომის ან სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალდნენ, აშშ-ში ცხოვრების ან მუშაობის უფლებას ანიჭებს. სტატუსი ასევე იმის გარანტიაა, რომ ასეთ პირებს ქვეყნიდან არ გააძევებენ.
თუმცა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაჰამის კუნძულებს „დიდი პრობლემები“ აქვს, იქ „ძალიან ცუდი ხალხი ცხოვრობს“, რაც აშშ-ის ტერიტორიაზე ნარკორეალიზატორების შემოდინებას შეუწყობს ხელს.
CBS თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ ბაჰამის კუნძულების მოსახლეობას ასეთ სტატუსს არ მიანიჭებს.