მოსკოვში მყოფმა მოლდოვის პირველმა დიპლომატმა დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გაყვანა მოითხოვა

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკოლაი პოპესკუს განცხადებით, დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ.
ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტად მყოფმა პოპესკუმ რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის სამხედროების ყოფნა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში განმტკიცებულ პრინციპს ეწინააღმდეგება და აღვნიშნე, რომ რუსი სამხედროების გაყვანა მოლდოვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მოსკოვში ვიზიტის მიზანია ორმხრივ ურთიერთობაში საგზაო რუკის ნორმალიზება, პოლიტიკური დიალოგის აღდგენა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დალაგება.
მანამდე, მოლდოვის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ 8 სექტემბერს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე გამართულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს.
დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედროების ოპერატიული ჯგუფია დისლოცირებული, რომლის ბაზაზე მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის როტაცია ხდება, ასევე – იარაღის საწყობის დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენარჩუნდა.
კიშინიოვი საერთაშორისო ტრიბუნებიდან, ასევე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „საკუთარი ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის სამხედროების სრულ და დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს“.
დნესტრისპირეთში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული პოლიტიკურ დაძაბულობას გაზრდის და შესაძლოა, შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები