რატი იონათამიშვილი: „ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მთელ რეგიონში”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა უძღვებოდა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი – „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის” ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე” დადგენილების პროექტი განიხილეს.
საკითხი განსახილველად პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, წარადგინა.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის” ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო აღიარებს ძირითადი კონვენციით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები სახელმწიფოს მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით” გათვალისწინებული უფლებების დარღვევების თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის” ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს საქართველოს მხრიდან კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების სრულფასოვან განხორციელებას, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარგში დამკვიდრებული სტანდარტების ამაღლებას და საქართველოს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრის მიერ, საერთაშორისო ვალდებულებების წარმატებულ განხორციელებას.
„საკითხს, რომელიც დღეს განსახილველადაა წარმოდგენილი, ვლობირებდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამოქალაქო სექტორში ვიყავი. ეს არის სტრატეგიული საკითხი თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის. ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მთელს რეგიონში”, – განაცხადა მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა.
საკითხს, კომიტეტის, მათ შორის ოპოზიციონერმა, წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შედის.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის დადგენილების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების პროცედურების უზრუნველყოფას და შესაბამისი წესით მომსახურების ღირებულებას აანაზღაურებენ.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ დამკრძალავი ბიუროების მომსახურებაზე გაწეული ხარჯი აჭარბებს საქართველოს კანონით გამარტივებული შესყიდვებისთვის განსაზღვრულ მონეტარულ ზღვრებს (50 000 ლარი), რის გამოც ხდება გამარტივებული შესყიდვების თაობაზე ნორმის დადგენილი დარღვევა.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული წესით განსახორციელებელი შესყიდვების ჩამონათვალს დაემატება საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ.
მთავრობის წარმომადგენელმა, სხდომაზე, „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ” 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების შესახებ” წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თაობაზე დოკუმენტიც წარადგინა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები