ანგელა მერკელი: აშშ ევროპას აღარ დაიცავს
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, აშშ ევროპას, ავტომატურ რეჟიმში, აღარ დაიცავს.
ამის შესახებ მერკელმა ბუნდესტაგში 2020 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.
„ევროპა აშშ-სთან ფასეულობებით არის დაკავშირებული. თუმცა, არ არსებობს ავტომატიზმი იმაში, რომ ისინი ევროპის დამცველის როლის თამაშს გააგრძელებენ. აქ საჭიროა ევროპის მეტი შენატანი“, – თქვა მერკელმა.
აღსანიშნავია, რომ გერმანულ-ამერიკულ ურთიერთობებს სადავო საკითხები ართულებს.
კერძოდ, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ბერლინი იმის გამო, რომ ნატოში საკმარისი შენატანი არ შეაქვს. ტრამპის აზრით, გერმანიამ, ისევე როგორც აშშ-ის მოკავშირეებმა ევროკავშირში, სამხედრო ხარჯისთვის ქვეყნის მშპ-ს 2% უნდა გააკეთონ.
გარდა ამისა, ვაშინგტონს და ბერლინს გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის აშენებასთან დაკავშირებითაც აქვთ განსხვავებული პოზიციები.
ვაშინგტონი რუსული პროექტის წინააღმდეგ გამოდის, გერმანიაში კი აცხადებენ, რომ გაზსადენი მხოლოდ ეკონომიკურ ხასიათს ატარებს და მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. მეტიც, გერმანელი პოლიტიკოსები მას მომგებიანსაც უწოდებენ.