“ვართ მუდმივად ოკუპაციისა და წნეხის ქვეშ, ამ კუთხით იყო დისკუსია და არ ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებდა ასეთ ვნებათაღელვას”

გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული და ვართ მუდმივად ამ ოკუპაციისა და წნეხის ქვეშ. ამ კუთხით იყო დისკუსია და არ ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებდა ასეთ ვნებათაღელვას, – ამის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„გუშინდელი შემთხვევა იყო დისკუსია, სადაც კონფერენციაში მონაწილე არა ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამ პროცესის სერიოზული ცოდნა და გამოცდილება, ​განიხილავდნენ სხვადახვა შესაძლებლობას გულშემატკივრების პოზიციიდან, თუ საქართველო როგორ შეიძლება უფრო მიუახლოვდეს ნატო-ს წევრობას და როგორ გახდეს რეალისტური იმ პირობებში, რომ გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული და ვართ მუდმივად ამ ოკუპაციისა და წნეხის ქვეშ. ამ კუთხით იყო დისკუსია და არ ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებდა ასეთ ვნებათაღელვას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი განცხადება არ არის ნატო-ს ოფიციალური შემოთავაზება.
„ეს არ ყოფილა ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენელი. მან აზრი შესთავაზა საქართველოს სამსჯელოდ, მეტი არაფერი. დამშვიდდით, დაწყნარდით, საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ნატო-სთან თავსებადობა გვქონდეს მაღალი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე წინ არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წასული და ამას აღიარებს ყველა, ნატო-ც და საერთაშორისო პარტნიორებიც. ჩვენთვის მისაღები არის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ თემაზე არის სრულიად ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები