გიორგი ვოლსკი: სიცრუის ტირაჟირებას ყოველდღიური საქმიანობით უნდა დავუპირისპირდეთ, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულად ადამიანზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის თქმით, დღეს მედია, როგორც მთელ მსოფლიოში, სკანდალზეა ორიენტირებული, რასაც ხელისუფლება, ძლიერი მექანიზმით- კონკრეტული საქმით უნდა დაუპირისპირდეს.
“ვფიქრობ, რეალურად ერთადერთი ძლიერი მექანიზმი არის კონკრეტული საქმე, რომელიც უნდა გააკეთო და თითოეულ ადამიანამდე უნდა მიიტანო, თუ რამე სიკეთის გაკეთება შეგიძლია. გასწორებული მიწასთან სოფლის მეურნეობა, გაცოცხლდა, საერთოდ სოფელი უკვე ამოძრავდა, იქ მეურნეობები შეიქმნა, ექსპორტზე გადის პროდუქცია გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე 2012-ში. რაღაცები აღარ მინდა ჩამოვთვალო, ბანალური გამომივა, მაგრამ რეალურად მე ვფიქრობ მაინც საქმე, ყოველდღიური საქმიანობა, მუშაობა თითოეული საჯარო მუშაკის, თუნდაც არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება იქნება ეს, თუ რესპუბლიკური მასშტაბის, უნდა იყოს ორიენტირებული კონკრეტულად ადამიანზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, თოქშოუში „პირისპირ“.
ვიცე-სპიკერის თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და მათ, სამწუხაროდ, ნაკლებად აშუქებენ, ვინაიდან მისი განმარტებით, დღეს მედიისთვის სკანდალზე ორიენტირებული თემები უფრო საინტერესოა.
„მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ სიცრუის ტირაჟირება ხდება. საერთოდ მედიას, ნეიტრალურ მედიაზე მაქვს ლაპარაკი, თავს ახვევენ დღის წესრიგს, რომელიც სკანდალზეა ორიენტირებული და გასაგებია, რომ უფრო მოთხოვნადია.
​სამწუხაროდ, ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ პროცესს ყოველდღიური საქმიანობით უნდა დაუპირისპირდეს, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულად ადამიანზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები