სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ, შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს

მზად ვარ, შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას, რათა განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრისას ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზადაა ამ საკითხებში უცხოელი პარტნიორები ჩართოს.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მუშაობის პირველივე დღიდან, ჩემი საინაუგურაციო სიტყვიდან მხარეებს შერიგებისაკენ მოვუწოდებ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, არ მეპასუხა არც ერთი მხარის შემოტევისათვის და არ ჩავრეულიყავი პოლიტიკურ ორთაბრძოლებში და დღესაც, მზად ვარ, შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას, რათა განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები. საჭიროების შემთხვევაში, ასევე მზად ვარ, ამ საკითხებში ჩავრთო უცხოელი პარტნიორები და თქვენ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მიუკერძოებლობის გარანტი, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ გვჭირდება ერთმანეთის ნდობისთვის. ჩვენ გვაქვს საშინაო და საგარეო გამოწვევებით აღსავსე გზა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზის ბოლოს არის ის საქართველო, რომელზეც ყველა ვოცნებობდით და ვოცნებობთ. ჩვენ და თქვენ აუცილებლად ვნახავთ ძლიერ და აყვავებულ საქართველოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ, პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ქვეყნის შიგნიდან მოდის, რადგან საზოგადოება დაყოფილია.

„ტოლერანტობა, როგორც ერთმანეთის მიმართაც ასევე, პოლიტიკაშიც უნდა გამოვავლინოთ. ეს კი არ არის მარტივი. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს ქვეყნის შიგნიდან მოდის. ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვინც საზოგადოების შიდა დაყოფისა და პოლარიზაციის პრობლემების წინაშე დგას. ეს ის საკითხებია, რომლებთან გამკლავებაც გამოცდილ დემოკრატიებსაც კი უჭირთ, ჩვენი დონის დემოკრატიისათვის კი დამანგრეველია. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება არა იმაზე რაც გვყოფს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს.

მშვიდობიანი გზით საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები და ამ მიმართულებით პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა არის ის, რის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ პირად გამოწვევად და მთავარ მიზნად მიაჩნია ქართული საზოგადოების საბჭოთა მენტალიტეტის ნანგრევებიდან გამოყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები