სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი პასუხია არშეგუება! არ უნდა მივცეთ ნება კონფლიქტსა და ოკუპაციას, გავლენა მოახდინოს ჩვენი ბედის თავისუფალ განსაზღვრაზე

საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ სამხედრო ძალის მქონე, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ გიგანტს უპირისპირდება, ქვეყანას, რომელმაც აჩვენა, რომ თავისი მიზნების მისაღწევად მზადაა ძალა გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში, სტუმრად მყოფ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრისა ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მშვიდობიანია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. საქართველომ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე და ის არის ერთადერთი, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ასრულებს, თუმცა რუსეთი პროვოკაციებს არ ერიდება და ვითარება სულ უფრო მყიფე ხდება.

„მიმდინარე ზაფხულმა, 20 ივნისის მოვლენებმა – საქართველოს მოსახლეობის სპონტანურმა რეაქციამ და მისი უფრო ღრმა და ფართო გაღიზიანების გამოხატულებამ, აჩვენა ამ სტატუს კვოს ლიმიტი. საზოგადოების არც ერთი ნაწილი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, არ უნდა შეეგუოს ამ გაყინულ ვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების გამყოფ ხაზს, რაც ჩვენთვის განუკურნებელ ღია ჭრილობას წარმოადგენს. მდგომარეობა უფრო და უფრო მყიფე ხდება – მეტი პროვოკაცია, მეტი მძევლები, მეტი ინციდენტი ეს სიტუაცია ნებისმიერ დროს შესაძლოა კიდევ გამწვავდეს. ჩვენი პასუხისმგებლობა, უპირველესად, ვითარების გამწვავებისა და პროვოკაციების აცილებაა. საქართველოს პასუხი პროვოკაციებზე ორმხრივია.

პირველი იყო შერიგებისა და გაერთიანებისათვის არსებული ყველა ღია გზის შენარჩუნება. ჩვენ გვჭირდება, განვაგრძოთ ვითარების მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძებნა. ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებისაგან გამოსაყვანი გზა. ეს ყველაფერი ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ნაწილია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპაციაზე ერთადერთი პასუხი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაა.

„ჩვენი პასუხია არშეგუება! არ უნდა მივცეთ ნება კონფლიქტსა და ოკუპაციას გავლენა მოახდინოს ჩვენი ბედის თავისუფალ განსაზღვრაზე. ჩვენი პასუხია ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება და ზრდა, დემოკრატიული განვითარება არჩევნებიდან არჩევნებამდე, სტაბილურობა, ტოლერანტობა, ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილურობის კუნძული პრობლემურ რეგიონში და ჩვენ არაფერს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გადაგვახვევინოს ამ გზიდან. ასეთია ჩვენი სიმტკიცე და ეს სიმტკიცე ჩვენი გამარჯვებაა! ჩვენ არ უნდა მივცეთ დესტაბილიზაციის მცდელობებს ჩვენს მოთმინებაზე გამარჯვების უფლება. თუმცა უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დიპლომატიისა და საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებაზე გააკეთა აქცენტი.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველომ აქტიურად უნდა ჩართოს პარტნიორები კონფლიქტის გადაჭრის საკითხში.

„2008 წელი აჩვენებს, რომ ჩვენ სამხედრო დაპირისპირებას ვერ მოვიგებთ. თუმცა იყო პატარა არ ნიშნავს შეეგუო ბედისწერას. ვიცი, რომ საქართველოს შეუძლია იპოვოს გამოსავალი. ეს რწმენა, ნაწილობრივ, ჩემი წარსულიდან მოდის. ქართული ემიგრაციას, რომელსაც 70 წლის განმავლობაში არასოდეს შეჰპარვია ეჭვი საქართველოს დამოუკიდებლობაში. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, შევძელი და 2005 წელს წარმატებით დავასრულე მოლაპარაკებები რუსეთთან, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. აქედან გამომდინარე, ვიცი, რომ წარმატებას ორი პირობა აქვს – საერთაშორისო მხარდაჭერა და ეროვნული ერთობა.

შესაბამისად, გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ ორი მიმართულებით: პირველი – უნდა გავითავისოთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზა და არ მივცეთ პოლიტიკურ კონიუნქტურას უფლება შეგვიყვანოს ილუზიებში.

რეალიზმი და ამბიცია – ეს არის ამ გარდამავალ პერიოდში, ჩვენი პოლიტიკა ბრიუსელში – ევროკავშირსა და ნატო-ში.

ჩვენ გვესმის ის ობიექტური სირთულეები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ნაკლებობა, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ასევე ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილებები საქართველოს ნაკლოვანებებით და პროგრესის სიმცირით არ არის განპირობებული. ჩვენ აქტიურად უნდა ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორები კონფლიქტის გადაჭრის საკითხში“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები