ირაკლი სესიაშვილი: საქართველო ნატოს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ნატოს ყოფილი გენმდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხს ეხებოდა.
„რაც შეეხება რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, საუბარია ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე – ანუ შეუძლია თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი თავისი ტერიტორიული მთლიანობით გახდეს, მაგრამ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხოს, ისე როგორც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში მოხდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია და საქართველო ნატოს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.
„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება”, – განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები