დავით ზალკალიანი: საქართველოს მთავრობა მზადაა გადადგას კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე

„მაკკეინი საქართველოს ნამდვილი მეგობარი და მისი ინტერესების დამცველი იყო და საქართველოს მიმართ მეგობრობას ის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან ავლენდა. საელჩოში მუშაობის პერიოდში მე მას რამდენჯერმე შევხვდი. მას მართლაც საინტერესო ხედვები ჰქონდა საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ” – ასე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სენატორ მაკკეინის მეუღლეს სინდი მაკკეინს, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენციის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, სწორედ სენატორ მაკკეინის მიერ გაწეული ძალისხმევისა წყალობითა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს და ვითარდება.
 
„თუ 10 წლის წინანდელ საქართველოს დღევანდელ სიტუაციასთან შევადარებთ, პროგრესი მართლაც შთამბეჭდავია”, – აღნიშნა ზალკალიანმა.
როგორც მან განაცხადა, საქართველო ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა და თავისი საბოლოო მიზნის – წევრობის მისაღწევად მას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს, კერძოდ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნულ პროგრამა. ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ინტენსიურ ხასიათს ატარებს და კონკრეტულ შედეგებში ვლინდება. ამ კუთხით, მინისტრის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ალიანსის რეკომენდაციების შესაბამისად გატარებული რეფორმები. საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა და საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობს.
„საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს დროშის ქვეშ ამაყად დგანან მოკავშირეთა ჯარისკაცების გვერდით და წარმატებით ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს” – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ასახულია მთელ რიგ საპარლამენტო რეზოლუციებში და ახალი მთავრობის პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „საქართველოს მთავრობა მზადაა გადადგას კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე”, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები