რუსეთი მოლდოვას გაზს 70$ -ით ნაკლებ ფასად მიაწვდის
რუსული „გაზპრომი“ მოლდოვას გაზს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიაწვდის.
ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა.
მისი თქმით, უკვე 1-ლი ოქტომბრიდან ფასი, ამჟამინდელი 235 დოლარის ნაცვლად, 10-15 დოლარით ნაკლები იქნება, 1-ლი იანვრიდან 45-50 დოლარით, ხოლო 1-ლი აპრილიდან 70 დოლარით შემცირდება.
დოდონის თქმით, ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2019 წლის ბოლოს იწურება.
„რაც შეეხება გაზის ტრანზიტს – დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი, რომელზეც დეტალურად არ ვისაუბრებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 1 -ლი იანვრიდან გაზი გვექნება“,- აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.
მოლდოვა „გაზპრომისგან“ გაზს 2008 წელს დადებული შეთანხმების საფუძველზე ყიდულობს. ფასი მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობის საფასურის მიხედვით ფორმირდება.