არჩილ თალაკვაძე “დოიჩე ველეს” სტატიაზე: შეფასებები უნდა გავაკეთოთ იმ საქმეებზე დაყრდნობით, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლის შემდეგ შეასრულა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს რომ გერმანულ “დოიჩე ველეში” საქართველოს პრემიერზე შეფასება, რომ ის “რუსეთის კაცია”, არასწორია.
როგორც, თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ”, გიორგი გახარიასთან ერთად, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით.
„რეალობა არის ის, რომ ჩვენი გუნდი, გიორგი გახარიასთან ერთად, 2012 წლიდან აღწევს რეალურ შედეგებს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში, აღწევს რეალურ შედეგებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, აღწევს რეალურ შედეგებს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვრჩებით ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუციის ქვეყნად. ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად, ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად. რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ: ადამიანის უფლებების დაცვა, ინსტიტუტების გაძლიერება, საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა – ეს არის, რაც მიუთითებს ჩვენს პროქართულ და პროდასავლურ კურსზე. ეს არის, რაც მიუთითებს გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის მიზნებზე. ასე, რომ შეფასებები უნდა გავაკეთოთ იმ საქმეებზე დაყრდნობით, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლის შემდეგ შეასრულა,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.