ვინ შეცვლის კარასინს პრაღის მოლაპარაკებაში – გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი

შეიცვლება თუ არა „აბაშიძე-კარასინის“ მოლაპარაკებების ფორმატი და ვინ ჩაანაცვლებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მოადგილეს გრიგორი კარასინს, 7-10 დღის ვადაში გადება ცნობილი.
ამის შესახებ „კვირას“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მორიგი შეხვედრა სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს, თუმცა ამ დრომდე უცნობია შეიცვლება მასში რამე თუ არა, რადგან რუსულ მხარეს ამ დრომდე ქართული მხარისთვის არაფერი უცნობებია.
აბაშიძის თქმით, პრაღის შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ბოლო დროინდელი ვითარება განიხილება.
მოლაპარაკებებში კარასინის შეცვლასთან დაკავშირებით ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუს დიპლომატს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის ვადა, ასაკიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს ამოეწურა.
რუსეთის „სახელმწიფო უწყებაში მუშაობის შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო სამსახურში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ 70 წლამდე.
ამასთან, ამ დრომდე უცნობია, ვინ შეცვალა თანამდებობაზე კარასინი, თუმცა რუსული მედია წერდა, რომ ის, შესაძლოა ივან ვოლინკინი იყოს, რომელიც 2007 წელს საქართველოში “პერსონა ნონ გრანტად” გამოცხადდა. მაშინ ვოლინკინთან ერთად საქართველოდან კიდევ ორი დიპლომატი გააძევეს: რუსეთის საელჩოს მრჩეველი – პეტრო სოლომატიევი და საელჩოს მესამე მდივანი – ალექსანდრე კურენკოვი, რომლებსაც „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზვერვო საქმიანობაში“ დასდეს ბრალი.
მედიის ინფორმაციითვე, კარასინი საქმიანობას, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს.
აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს საფუძველი 2012 წლის 1-ელ ნოემბერს ჩაეყარა, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
ორი დიპლომატის პირველი შეხვედრა 14 დეკემბერს შვეიცარიაში გაიმართა, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე პირდაპირ დიალოგს. მსგავსი დიალოგი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ არ გამართულა, რომლის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები