დავით ზალკალიანი – ლიეტუვა ყოველთვის იყო და დღესაც რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა ლიეტუველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩუსთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ლიეტუვისა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და ლიეტუვის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ლიეტუვა საქართველოს უახლოეს მოკავშირეს წარმოადგენს. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ იმ ერთგულებასა და მეგობრობას, რომელსაც ლიეტუვა და განსაკუთრებით ლინას ლინკევიჩუსი წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ. იგი განსაკუთრებული მხარდამჭერია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა”-აღნიშნა ზალკალიანმა.
როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგს. ასევე, პოზიტიურად შეფასდა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოებსა და დარგობრივ უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა. „ჩვენს ორმხრივ ურთიერთობების დღის წესრიგში არ არსებობს პრობლემური საკითხები, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც ისეთი თანმიმდევრული და წარმატებული იქნება როგორიც დღეს” – განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იზრდება ლიეტუვადან ტურისტების რიცხვი საქართველოში, რასაც თავის მხრივ, ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადი საკითხები დაკავშირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან: „აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებს შორის და ჩვენ გვაქვს მართლაც ხელშესახები შედეგები ამ თვალსაზრისით. წარმატებულად ვახორციელებთ საგზაო რუკას და ასოცირების დღის წესრიგს. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის შეფასებები, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას მოჰყვა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხელშეწყობა და თანადგომა, რაც გვაქვს ლიეტუველი მეგობრების მხრიდან, ევროპული ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად გვაძლევს ხელშესახებ შედეგებს, რომ მომავალშიც ინტენსიური იქნება და გვექნება შესაძლებლობა, მეტი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ ქვეყნის ფუნქციური მომზადებისთვის იმ საბოლოო მიზნისკენ, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრიანება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები