„პატრიოტების“ პოლიტიკური მდივანი: „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებზე ისეთ შედეგს დადებს, რომ ჩვენთან ურთიერთობის გარეშე მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება
ჩვენ ვიქნებით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისეთ შედეგს დადებს, რომ ჩვენთან ურთიერთობის გარეშე არ იქნება ჩამოყალიბებული მთავრობა, ვერც უმრავლესობა დაკომპლექტდება პარლამენტში, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება.
„არჩევნებამდე ადრეა, მისი შედეგებიც ძნელად გასათვლელია. ცოტა ნაადრევად მეჩვენება საუბარი იმაზე,თუ რომელი პოლიტიკური ძალები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელზეც არ ვთვლით, რომ დანაშაულებრივია ამ ქვეყნისთვის, რომელზეც ჩავთვლით, რომ შეუძლია, რაიმე ღირებული შექმნას ამ ქვეყნისათვის. რაც შეეხება ქართულ ოცნებას -არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნება დომინანტი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც უთუოდ შეიძლება რაღაც ალიანსის და კავშირის შექმნა, იმისათვის რომ მმართველობა გაიზიარო მასთან ერთად.
ერთი ვიცი: „პატრიოტთა ალიანსს“ ყოველდღიურად ემატება თავისი მხარდამჭერი. ჩვენი ამომრჩევლის რიცხვი იზრდება, ჩვენ ვიქნებით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისეთ შედეგს დადებს, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობის გარეშე არ იქნება ჩამოყალიბებული მთავრობა, ვერც უმრავლეოსბა დაკომპლექტდება პარლამენტში“, – განაცხადა თევდორაძემ.