„ქართული ოცნების“ ლიდერებში დავინახეთ ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ „ნაციონალების” მოღვაწეობა დანაშაულებრივი იყო“ – „პატრიოტები“ რეზოლუციას კვლავ წარადგენენ

„პატრიოტთა ალიანსი” 15 სექტემბრიდან აქციების გამართვას იწყებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქცია 15 სექტემბერს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
როგორც გოჩა თევდორაძემ აღნიშნა, პარტიამ გუშინ სპორტის სასახლეში დაახლოებით 10 ათასი მხარდამჭერი შეკრიბა.
„ჩვენი უმთავრესი მოთხოვნებია სამხედრო მიუმხრობლობასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ამ კუთხით ქმედით ნაბიჯები გადადგას, რადგან ვთლით, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი და ერთადერთი გზა სამხედრო მიუმხრობლობაა. ჩვენი ერთერთი უმთავრესი მოთხოვნაა პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, აფხაზებთან, ოსებთან.
ჩვენი მოთხოვნა იყო ის, რომ პარლამენტის მიერ პოლიტიკური შეფასება მიეცეს წინა ხელისუფლების მოღვაწეობას, ამასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე შევიტანეთ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი. „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკითხს მაშინ მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტმა თავისი საშემოდგომო სესია გახსნა, ისევ აქტუალურად ვთვლით ამ საკითხს, გარდა ამისა, ამის საფუძველი მოგვცა იმანაც, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ჯგუფიდან დავინახეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც აშკარად აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობა იყო დანაშაულებრივი, რომ ეს იყო რეჟიმი. თუ ისინიც თვლიან, რომ ეს მოღვაწეობა დანაშულებრივი იყო, ცხადია, ამას პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს“, – განაცხადა თევდორაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები