ფილიპ რიკერის თქმით, მაიკ პომპეომ მას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა დაავალა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, საქართველოში იმყოფება.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოს მთავრობის წევრებთან. როგორც რიკერმა განაცხადა, საქართველოში ჩამოსვლა და ახალ პრემიერთან შეხვედრა მას თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაავალა.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ამ დროისთვის უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად სოფელ ოძისში იმყოფება.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების განლაგება დიდ შეშფოთებას იწვევს, ისევე, როგორც მათ მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ამ პროცესთან დაკავშირებული ქმედებები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და უკან გაიწვიოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ მოვუწოდეთ, შეწყვიტონ საქართველოს ოკუპაცია და დაემორჩილონ 2008 წლის შეთანხმებას.
„ევროპის ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი მიზანია, ოკუპაცია დასრულდეს. მით უმეტეს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. აქ მცხოვრებ ხალხს გადაადგილების კუთხით პრობლემები ექმნებათ და საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოსთვის, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები ეს შემაშფოთებელია“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები