ფილიპ რიკერი მავთულხლართებთან: რუსეთი განაგრძობს საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპაციას
საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან იმყოფებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული ტაქტიკა ყველასთვის კარგად ნაცნობია.
„რუსული ტაქტიკა ყოველი ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობია. ჩვენთვის დიდი მღელვარების საგანია რუსეთის ძალისხმევა, გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის სამხედროების განლაგებითა და განახლებული მილიტარიზაციით. აქვეა რუსეთის დროშა. თქვენ არ დაგჭირდებათ შორს ყურება, რომ რუსეთის ძალისხმევა დაინახოთ. არსებობს მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც უნდა მოგვარდეს მიმდინარე სიტუაცია. 2008 წელს რუსეთმა აიღო ვალდებულებები, გაეყვანა ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. მათ არ შეასრულეს ეს ვალდებულებები და განაგრძობენ საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპაციას. ამ მოქმედების სქემას სხვაგანაც ვხედავთ, მაგალითად უკრაინაში და ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს. უკვე ათწლეულია ვხედავთ რუსეთის ამგვარ ქმედებას, მავნებელ, უკანონო ძალისხმევას იმ ინტერესების წინააღმდეგ, რომლის ხელშეწყობაც ჩვენ ყველას გვსურს უფრო სტაბილური და მშვიდობიანი ევროპისთვის”, -განაცხადა ფილიპ რიკერმა.