მიხეილ ყაველაშვილი: ის რაც 20 ივნისს მოხდა, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი თავის გამოსვლაში 20 ივნისის მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა,  მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა არ არის.

„ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე გუნდში. აქ მარტო გიორგი გახარია არ ყოფილა, აქ ვიყავით ყველა ჩვენგანი და ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობით მოხდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა. ეს არის მთავარი და აქ არ შეიძლება რომელიმე პიროვნება გამოვყოთ, ამ ღამესთან დაკავშირებით. ეს იყო შტურმის მცდელობა, მე თვითონაც ვაკვირდებოდი, ვადევნებდი თვალყურს და გადავრჩით, დიახ, გადავრჩით ამ საშინელი ძალის რევანშისტული განწყობებისგან, ეს უნდა ვიცოდეთ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

ჩემი შვილების თანატოლები გამოთქვამდნენ სრულიად გულწრფელ პროტესტს, თუმცა მაშინვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ის ძალა, რომელიც დომინირებდა, ამ ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, ცდუნებაში ჩააგდებდა და ასეც მოხდა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც გიორგი გახარიას და მის გუნდს წარმატება უსურვა და თქვა, რომ ყველა ის პროცესი და პროგრამა, რომელიც უკვე აქვთ სამინისტროებს, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

მიხეილ ყაველაშვილი ეთანხმება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. მისი თქმით, ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან, მათი მთავარი ორიენტირი იყო ადამიანი: „არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც თითქმის ყველა დამნაშავეშიც ადამიანს ვეძებდით, განსხვავებით ჩვენი ყოფილი ხელისუფლებისა, რომლებიც ყველა ადამიანში ეძებდნენ დანაშაულს“.

მან ასევე ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სპორტული მიღწევების შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად მაღალი მიღწევებისა, სპორტში მრავალი წარმატებისა, აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ ყველა ადამიანის ყოფით ნაწილში უნდა შევიდეს ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი. ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შექმნა, რომლის თაობაზეც მჭიდროდ თანამშრომლობენ შესაბამის სამინისტროებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები