გიორგი გახარია: დღეს უკვე ოფიციალურად დასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც სხვა დაწესებულებისგან იღებს ხელფასს, პირველად, ამ ქვეყნის ისტორიაში გადასცდა 51%-ს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დასაქმების საკითხს და ხაზი გაუსვა, რომ აღწერითი სტატისტიკა  დასაქმების კუთხით არსებულ რეალურ პრობლემატიკას ბოლომდე ვერ გადმოსცემს.

,,ჩვენ ხომ ყველას გვახსოვს, რომ ამ ქვეყნის სისტემური პრობლემა იყო დასაქმების გაზომვა. იმიტომ, რომ თვითდასაქმებულსაც მთელი ცხოვრება ვთვლიდით დასაქმებულად და ვამბობდით, რომ ჩვენი დაუსაქმებელი მოსახლეობის რაოდენობა არის თუ არ ვცდები, 12%, მაშინ, როცა დასაქმებულებიდან 40%-ზე მეტი არის თვითდასაქმებული, რომელიც აღქმის დონეზე, თვითონ თავს დასაქმებულად არ თვლის. დღეს უკვე ოფიციალურად დასაქმებული – და არა თვითდასაქმებული – ადამიანი, რომელიც სხვა დაწესებულებისგან ან სხვა ადამიანისგან იღებს ხელფასს, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, გადასცდა 51%-ს. ზრდის დიდი ნაწილი არის კერძო სექტორზე, თუმცა საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

​გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რა თქმა უნდა, დასაქმებულთა ანაზღაურება არ არის იმ სტანდარტების, როგორისაც ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა ჩვენ უნდა ამოვიდეთ არსებული რთული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნიდან, რაც ხელშესახები უნდა იყოს დღესვე და გაგრძელდეს მომავალში.

,, ჩვენ არ უნდა შევადაროთ ჩვენი თავი განვითარებულ ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ჩვენ ჩვენი თავი უნდა შევადაროთ იმას, თუ სად ვიყავით გუშინ და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, სად ვიქნებით ხვალ. სხვა ყველაფერი არის ილუზია და პოპულიზმი “, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები