გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სტრატეგიული სააგენტოს ინიციატივით ​ფერმერთათვის ვებგვერდი შეიქმნა

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გლეხებისა და ფერმერებისთვის ვებგვერდი agrofarm.ge ამოქმედდა. სპეციალურად გლეხებისთვის და ფერმერებისთვის შექმნილი საიტი მათ მიერ მოყვანილი და წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციას ემსახურება. ამ დროისთვის, საიტზე 30-მდე განცხადებაა განთავსებული. სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქცია მრავალფეროვანია. აღნიშნულ ვებსაიტზე ფერმერების მიერ წარმოებულ და მოყვანილ პროდუქციის შორის არის როგორც მარცვლოვანი კულტურები, ასევე თევზეული( კალმახი), ნედლი ხორცეული ( ქათამი), რძე და რძისგან წარმოებული პროდუქცია.
ვებგვერდი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სტრატეგიული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა.  შექმნის იდეა კი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  “ქართული ოცნების” ფრაქციის თავჯდომარეს, მიშა გოგინაშვილს ეკუთვნის. როგორც გოგინაშვილმა “კვირას” განუცხადა, ვებგვერდი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მიმდინარეობს სპეციალური სერვისების შექმნა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მას.
“იდეა ლიტვის ელჩთან შეხვედრისას წარმოიშვა. აღნიშნული ვებგვერდი ორიენტირებულია მხოლოდ გლეხობაზე და ფერმერებზე, მიზნად ისახავს მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ფართო მასშტაბებზე გასვლას, პოპულარიზაციას და რეალიზებას .
“აგროფარმის” საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გლეხობასა და ფერმერებს საკუთარი მზა პროდუქცია წარმოადგინონ არა მხოლოდ მცირე მასებისთვის, არამედ მსხვილი აგრო კომპანიებისთვისაც, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი სერიოზული ბიზნეს უთრთიერთობის დასაწყისისა. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ თითოეულ სოფელში ჩასვლას და ვებგვერდის ფუნქციისა და სარგებლიანობის განმარტებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. ასევე მივიღეთ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისგან შემოთავაზება, რომ ვებგვერდი ინტერმუნიციპალური გახდეს“,- განაცხადა მიშა გოგინაშვილმა.
“კვირა” იმ ფერმერს დაუკავშირდა, რომლების უკვე სარგებლობენ აგროფარმით. გორის მუნიციპალიტის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები ალექსანდრე ბეთლემიძეა, რომელიც 27 წელია მეფუტკრეობითაა დაკავებული .როგორც ბეთლემიძემ განაცხადა მსგავსი სახის ვებ საიტის არსებობა ხელს შეუწყობს პროდუქციის რეალიზებას და შესაძლებელის ხდის ევროპულ ბაზარზე გატანასაც.
“27 წელის მეფუტკრეობა ჩემი საქმიანობაა. თავიდან მხოლოდ ერთი სკა შევიძინე ინტერესის გულისთვის , ახლა კი 70 ზე მეტი ფუტკრის ოჯახი მყავს. ჩვენი საქმიანობა დიდ შრომას მოითხოვს და მხოლოდ მისასალმებელია თუ ვინმე რამით შეგვიწყობს ხელს, რათა ჩვენი შრომა სათანადოდ დაფასდეს და ევროპამაც ნახოს თუ როგორი ნატურალურია ჩვენი წარმოებული პროდუქცია“,- განაცხადა ალექსანდრე ბეთლემიძემ.
ავთანდილ მამისაშვილი ერთ-ერთი იმ ფერმერთაგანია, რომელიც ახალი ვებგვერდით უკვე სარგებლობს.
‘’მე ამ საიტის არსებობის შესახებ შემთხვევით გავიგე და დავრეგისტრირდი  ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა აუცილებელია, ყველა გზა უნდა მოიძებნოს, რომ ჩვენი პროდუქციის რეალიზება შესაბამის ფასებში მოხდეს“-აღნიშნა ავთანდილ მამისაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები გლეხებისთვის და ფერმერებისთვის შექმნილი ვებსაიტი http://agrofarm.ge ზე აპლიკაციის შევსება და განცხადება უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები