„ყველაზე დიდი ბედნიერება მე მაინც ლეჩხუმის სიყვარულის ნიჭი მგონია“ – გუჯა ბენდელიანის მუზეუმად ქცეული სახლი (ფოტო)

1949 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხში დაიბადა და ბავშვობის ფერადოვანი დღეებიც სოფლის ორღობეებში მიინავლა, თუმც თვითონ მთლად ფერადოვანსაც არ არქმევს. მრავალშვილიანი (6 დედმამიშვილი იყვნენ) ოჯახის შვილს მართალია საკვები და ჩასაცმელ-დასახური არასოდეს უჭირდა, მაგრამ ადრეული ასაკიდანვე თოხზე და ბარზე, ხარსა და გუთანზე უწევდა მუშაობა. სკოლაც იქვე დაამთავრა და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე კარგა ხნის შეჩვეულმა, სწავლა განათლებაც მიიღო და ცაგერში რაისაგზეოს ხელმძღვანელი გახდა. დღეს ცაგერში ლეჩხუმელთა მეხსიერებაში ელგუჯა (გუჯა) ბენდელიანის სახელზე ორ რამეს ამბობენ: „გუჯას საგზეო“(წარსულში) და გუჯას მუზეუმი(ახლა). მიხვდებით ალბათ, რომ საზოგადოებაში ამ ზედმეტსახელების მოპოვებას დიდი პასუხისმგებლობა და შენი კუთხის უსაზღვრო სიყვარული სჭირდება.


ერთ ჭერქვეშ მოქცეული დიდი ბედნიერება
გუჯას, ერთადერთი შეკითხვა, რაც უხერხულობას უქმნის და დაბნეულად იცინის, მისი და ნათელას (მეუღლის) გაცნობა-შეუღლების ამბავია, არ მიყვარს ასეთ თემებზე ლაპარაკიო და მოხერხებულად იშველიებს ფილოსოფოს პლატონს – “ითხოვ -ინანებ, არ ითხოვ, მაინც ინანებო“ და მარტოობას ცოლის მოყვანა ვამჯობინეო -ამბობს. პლატონისა რა გითხრათ, მაგრამ ამ ოჯახში სამი შვილი (2 გოგონა და ერთი ვაჟი) გაჩნდა და რომ არ ინანებდა, შვილიშვილების, სამი ტყუპი ვაჟის მერე, გოგოს მხრიდან  და 2 ტყუპი ვაჟის , ბიჭის მხრიდან – გაჩენის დღიდან აღიარა. ოჯახში 6 შვილიშვილია – 4 პატრიარქის ნათლული – “ უწმინდესმა სამი ტყუპი ვაჟი რომ დაინახა, მეოთხე „რიგითი“ თავისივე სურვილით მონათლა“
აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია, ოჯახიც და მუზეუმიც…. უამრავ უცნაურ ნივთს, მცენარეს, აქსესუარს და ფრაზას შეეჩეხებით – „ეზო პატარა მაქვს და ყველაფერი მინდა მქონდეს, აგერ, აი, იმ მსხალზე, 4 სახეობის ნაყოფია. მიწის ეკონომიასაც ვაკეთებ და სხვადასხვანაირ ხილსაც ვკრეფ. აგერ კივიც, ლეჩხუმისთვის უცხო ხილს განახებთ, თუმცა დილეტანტი აღმოვჩნდი,-თურმე დედალ-მამალი უნდა მეყიდა, არ ვიცოდი და ორი წელი უნაყოფო ხეს ვუცქირე“.
გუჯას ოჯახის დიდი ბედნიერება ყოველდღიური სტუმარია- მუზეუმში ინტერესით მისული დამთვალიერებელი, უანგარო მასპინძლობა, აუცილებლობადქცეული ღვინის დეგუსტაცია – უსახელოური, ტვიში, ცოლიკოური, ადესა, კარალიოკის, ჭანჭურის, კომშის ორნახადი არაყი და განსაკუთრებით საინტერესო სახელწოდების ალკოჰოლური სასმელი „ურაგანი“.
ასი ადამიანიდან, რომ ასივე პოზიტიური განწყობით ტოვებს გუჯას სახლ-კარს, ჭიშკრიდან გადასული ადამიანების კედელზე მიწერილი სამადლობელი სიტყვებიდანაც კარგად ჩანს.

ცოტა პატივმოყვარე დიდი იუმორით
ჭიშკარში შესულებს გუჯა მუზეუმის მაისურით შემოგვეგება, მაისურზე ცნობილი ლეჩხუმელების ფოტოებია დატანილი – მერაბ მამარდაშვილი, ლადო ასათიანი, მარშალი გელოვანი, მაკა ასათიანი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ნობელის პრემიის ლაურიატი ზურაბ კოპალიანი ბოთლის „უსახელორი…. და იქვე თამამი განაცხადი( წარწერა)- „რაც კარგები ვართ ლეჩხუმელები ვართ“.
აკი გითხარით,ბევრ უცნაურ ფრაზებს და ამბებს შეეჩეხებით გუჯასთან-მეთქი:
„ერთი თვისება მაქვს, ყოველთვის კარგად და თანამედროვე ჩაცმა მიყვარდა და მიყვარს, ოღონდ ერთჯერადობამდე“ – ამ ფრაზამ აშკარად გაგვაკვირვა და იქვე აგვიხსნა- „როგორც კი სხვას დავუნახავ ისეთივეს ჩაცმულს, როგორიც მე მაცვია, იმ დღიდანვე თავიდან ვიშორებ, ნუ პატივმოყვარეობაა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მაქვს“.
ჩვენი მასპინძელი იმდენად კარგი იუმორის პატრონია, შეგშურდებათ – იუმორის გრძნობის გარეშე ადამიანს რა ფასი აქვსო, დასძინა და ერთი კარგი ისტორია გაიხსენა – „ლეჩხუმში ზედმეტსახელები და უცხოური წარმოშობის სახელები ერთი პერიოდი ძალიან გავრცელებული იყო. მაშინდელ „კოლმშენში“ განსაკუთრებით თავმოყრილი იყვნენ ასეთი მუშები და სამუშაოთა მწარმოებლები, ერთ დღესაც თბილისიდან გამონაწილებული(მაშინ ასე ერქვა) პარტიის რაიკომის ინსტრუქტორი რეკავს ხელმძღვანელთან და ეკითხება, რომელი ხართ? პასუხი – გერმანე ბატონო, გერმანე ტოკიო მინდოდა, დამალაპარაკეთო (ტოკიო სამუშაოთა მწარმოებელი იყო), ბატონ ტოკიოს ათი წუთის წინ ბომბეიმ მოაკითხა ტაქსით, კორეა, ნორვეგია და კოლუმბია ჩაისვა და სად წავიდნენ არ ვიციო, დაბნეულ ინსტრუქტორს ცოტა პაუზის მერე უკითხავს: ეგ ყოველივე კარგი, მაგრამ მე რომელ ქვეყანაში მოვხვდი ხო არ იცითო?“


მეხსიერებით შექმნილი გუჯას მუზეუმი, უცნაური ისტორიები, ცნობილი ლეჩხუმელები და სადეგუსტაციო მარანი
გუჯას მუზეუმის აღწერა ერთ სტატიაში შეუძლებელია, იგი ათი წელი აკეთებდა ამ ყველაფერს, ცნობილი ლეჩხუმელების საინტერესო ისტორიები, ფოტოები, ნივთები, ნახატები, საჩუქრები, წარწერები, ავტოგრაფები, შთაბეჭდილებების წიგნი, მარანში ჯონჯოლი, (სტუმრებზე გაჩუქებით), კომპოტები, ტყემალი, მურაბები, ათასნაირი სასუსნავი, სასმელი – ეს ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი გუჯას მუზეუმში.
გიკვირს, – ასე უანგაროდ, ასე ჩუმად, რუდუნებით, ამდენი ისტორიის შეგროვებით, რანაირად ქნა, როგორ მოახერხა ეს ყველაფერი… საოცარია ადამიანის გონიერება – თურმე საგზეოს უფროსი როცა იყო, გზის კეთებას სთხოვდნენ ყველა სოფელში, იგი ადგილზე მიდიოდა და ეცნობოდა სიტუაციას, მერე მიიპატიჟებდნენ, სუფრა გაიშლებოდა და ისმენდა ათასგვარ საინტერესო ისტორიას, ფაქტებს, მონათხრობს. დაჯდებოდა, გადაამოწმებდა, იმახსოვრებდა. შემდეგ ამ ყოველივეს ერთად მოუყარა თავი, შეკრიბა, ტვინში დაალაგა და ხორცი შეასხა. დღეს აქ უამრავი ადამიანი შედის, ეცნობა ლეჩხუმს, ცნობილ ლეჩხუმელებს, ჩვენს ყოფას, ისტორიას, დღევანდელობას – “ჩემთვის რეგალიებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ლეჩხუმი უყვარდეს და სახელი გაუთქვას. მარშალი და გლეხი ერთნაირად განთავსდება ჩემი მუზეუმის კედლებზე“.
ხელოვნების, ავიაციის,ბალეტის, პოეზიის, კინოს, მკერავის, დიქტორს, პოლიტიკისა და კიდევ სხვა პროფესიის სახელგანთქმული ლეჩხუმელები გუჯას მუზეუმში ყველა კედლიდან იყურებიან…..

რატომ ყველაფერი უანგაროდ და ფულთან უცნაური დამოკიდებულება…

გუჯას მუზეუმზე ასეთი წარწერაა:

შემოსავლის წყაროდ რატომ არ გაიხადეთ-მეთქი, ვკითხე. პასუხი ამჯერადაც უცნაური იყო – „იცით, ყულაბებს თუ დააკვირდებით, უმეტესობა ღორის ფიგურითაა შექმნილი, კისერზე ჭრილით, ანუ ხომ ხვდებით… აგროვებ, აგროვებ, მერე მარტო რომ დარჩები გაარიჩხინებ, გიხარია, ღორდები, სული გიმახინჯდება. სულია მთავარი და არა ფული. წარმოიდგინეთ, აქ მოსული ბავშვები სოფლებიდან, ჭიშკარში თავს რომ შემოჰყოფენ და ცნობისმოყვარედ მეკითხებიან აქ რა ხდებაო, პასუხზე თვალები უნათდებათ და მეორე კითხვაა – რაღირს შემოსვლაო, ამ დროს მე რომ მათ ვუთხრა 1 ან 2 ლარი-მეთქი, ლამაზი იქნება? იქნება და იმ ბავშვს არააქვს და უკან გაბრუნდეს და ბევრი რამ დაკარგოს ლეჩხუმზე“.
და ბოლოს, იცოდით თუ არა , რომ…
-ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარაგულადან ზურაბ კოპალიანი ნობელის პრემიის მფლობელია (2007წ ) მსოფლიო კლიმატისა და გლობალური დათბობის თემეზე
-მაკა ასათიანი ყველაზე ლამაზი ქალი რომაა, ლეჩხუმელია
-ჰაერში ორი ლეჩხუმელი რომ ჩერდებოდა – ერთი ვახტანგ ჭაბუკიანი ბალეტის პარტიის შესრულებისას და მეორე ვლადიმერ უგრეხელიძე, იგივე “პტიცა“ კალათბურთის თამაშისას და რომ ამერიკელებმა ამ ფაქტებიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ შეძლეს ეს – ისინიც ლეჩხმელები იყვნენ
-მსოფლიო დეგუსტაციის პრეზიდენტმა ლერუამ 1962 წელს, მაშინ, როცა პირველად დააგემოვნა „უსახელოური“, დაიჩოქა და ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „ესაა მიწის, მზისა და ზეცის ნაზავი“
-დიდი ლეჩხუმელები ვალერი და გელა ასათიანები ერთმანეთს ასე ეხუმრებიან, „შენ დერჩელო“ და „შენ ქორენიშელო“ (ლეჩხუმში მათი მშობლიური სოფლებია)
– ლადო ასათიანის პრემიის დამაარსებელი თეიმურაზ ლანჩავააა
-ლაილაშიდან ცენტრის გადმოტანაზე ცაგერში, ნიკოლოზ მეორეს პეტიციით ესტუმრა ტარასი ახვლედიანი, იასონ გელოვანი და გლეხები ტარასი და იასონი სიმაღლით ისეთი ახოვანები იყვნენ, მეფის კარზე ჩვეულებრივის მაგივრად, საიდანაც ყველა შეყავდათ, დიდი სამეფო კარი გაუღეს და პატივით მიიღეს, შედეგსაც მიაღწიეს და ცენტრი ლეჩხუმისა ცაგერში გადმოვიდა ლაილაშიდან.
-ცნობილი რუსი მომღერალი გრეგოლი ლეფსი, ნემსიწვერიძეა. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი უცხერიდან და მისი წინაპრები სოჩის პლასტუნკაში ლეჩხუმიდან არიან გადასახლებულები, ლეფსის ისე უყვარს თავისი მოგვარეები, ერთ წელს მათი შეკრებაც კი დააფინანსა საქართველოში.
არ იცოდით ეს და სხვა ბევრი რამ ცნობილ ლეჩხუმელებზე? გუჯას მუზეუმი კი გელით უფასო დათვალიერებითა და ღვინის დეგუსტაციით, რა ფერის და რა სიმშრალისაც გაგიხარდებათ.
უკვე დასარულისკენ წასულებმა მუზეუმის მარნის კარზე ლექსი შევნიშნეთ, იგი ასევე ცნობილ ლეჩხუმელ პოეტს, პატრიოტს, ენდი ნემსიწვერიძეს მიუძღვნია გუჯასთვის ექსპრომტად:
სურნელება შენი ზვარის,
მამღერებს და მაფერხულებს,
როგორც პეტრე დინოზავრის
პატრონობდა ნაფეხურებს
შენც იმგვარად გახდი მარად,
მოერთგულე ძველი ფიცის.
ვინც სიცოცხლის კვალის დარად
მთაში კაცის ფასი იცის…
რას შევაწვდენ ლექსის მარცვალს,
შენი გულის გრძნობის ფართობს,
ვსვამ უფასო ღვინის ნაცვლად,
როცა მუზეუმი მათრობს…

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები