“ჩვენ გვაწუხებს სასმელი წყლის და გზის პრობლემა, დანარჩენი მოგვარებულია” – ხელისუფლების წარმომადგენლები კასპის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ (ფოტო)

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის, ქვემო ჭალისა და ლამისყანის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივებთან შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა და მოსახლეობას იმუნიზაციისა და პრევენციის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისკენ მოუწოდა. ზაზა ბიხუამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან სოფლის ექიმების გადამზადების პროგრამა დაიწყება, რის შედეგადაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ადგილზე იქნება შესაძლებელი.
“ვაგრძელებთ იმ შეხვედრებს, რომელიც სხვადასხვა რაიონში უკვე გაიმართა. მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შესახებ და გვინდა გავზარდოთ მოსახლეობის ჩართულობა ამ პროგრამებში. მსგავსი შეხვედრები ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა. გამომდინარე იქიდან, რომ 1 ოქტომბრიდან სოფლის ექიმების პროგრამა იწყება, აუცილებელია, ინფორმაციის მიწოდება, რადგან მოსახლეობამ არა მარტო მაშინ მიმართონ ექიმს, როცა ცუდად გახდებიან, არამედ  შემოვიტანოთ ის მენტალობა, რომ ექვს თვეში ერთხელ ისარგებლონ ყველა იმ სამედიცინო სერვისით, რომელსაც სახელმწიფო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით სთავაზობს”,- განაცხდა ზაზა ბოხუამ.

კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მოსახლეობასთან მნიშვნელოვანია, რათა მყარი კომუნიკაცია დამყარდეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
“ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან , ეს არ არის დაკავშირებული საარჩევნო პერიპეტიებთან. მსგავსი სახის შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენ გავაცნოთ ჩვენი გეგმები და მოვისმინოთ მოსახლეობისგან, თუ რა პრობლემებია და გამოწვევები მათ წინაშე. ვიმსჯელოთ ერთად ამ პრობლემების დროულად მოგვარებაზე. ზოგადად, ვფიქრობ, ძალიან დიდი შედეგი მოაქვს ასეთ კომუნიკაციას და ინტენსიურ შეხვედრებს,“- განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა
მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა ოკამის მოსახლეობას სასმელი წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პრობლემა აქვს. რაც შეეხება დანარჩენ ორ სოფელს, მოსახლეობამ სამედიცინო ცენტრების მოწყობას მოითხოვა, რაზეც მინისტრის მოადგილისგან მიიღეს დაპირება, რომ მიმდინარე წელს თითქმის ყველა სოფელში სამედიცინო ამბულატორია მოეწყობა.
“ჩვენ გვაწუხებს სასმელი წყლის და გზის პრობლემა, დანარჩენი მოგვარებულია. აი, ეს პრობლემა თუ მოგვარდა, ჩვენ მხოლოდ მადლიერები ვიქნებით. ჩვენ გვაქვს წყლის დიდი რესურსი, მხოლოდ ხელისუფლებისგან არის საჭირო დახმარება, რომ სოფელს სასმელი წყალი მიეწოდოს“, – ამბობს სოფელ ოკამის მცხოვრები ილია შუკაკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები