კახეთის სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თელავის 3 სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. ადგილობრივებთან შეხვედრისას გამოიკვეთა სასმელი წყლის, სარწყავი სისტემის გაუმართაობის, სანიაღვრე არხების, ინტერნეტის დაბალი ხარისხით მიწოდებისა და სააღმზრდელო დაწესებულებების საკითხები.
„მოსახლეობას ეძლევა საშუალება,რომ პირადად მიიღონ მონაწილეობა იმ პროცესებში, რაც ქვეყანაში ვითარდება და მათ თქვან ის პრიორიტეტები, რაც მათი სოფლისთვისაა საჭირო, რომ იმისდა მიხედვით დაიგეგმოს ბიუჯეტი, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური“,-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლალისყური, ფშაველი და ლეჩური მოსახლეობამ ერთ-ერთ გადაუჭრელ და ყვეელაზე მეტად პრიორიტეტულ საკითხად წყლის სათავე-ნაგებობის და სარწყავი წყლის სისტემის მოუწესრიგებლობა დაასახელა. მათი თქმით, სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ, რაც შეეხება სახნავ-სათეს მიწებს მორწყვა ხშირად ვერ ხერხდება. სოფელ ლეჩურში, რომელიც ხეობის სოფლად ითვლება, არც სკოლა ფუნქციონირებს და არც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.
„ლეჩურში კონკრეტულად,რომელიც ხეობის სოფელია, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ყველაზე აქტიური პრობლემა დაკავშირებული იყო ინტერნეტის და მობილური კავშირის დაბალ ხარისხთან და ჩვენ ჩავერთვებით მაქსიმალურად, რომ კერძო კომპანიებთან ინტენსიური ურთიერთობით მოვახდინოთ ამ სოფლის ინტერნეტი და მობილური კავშირით უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეხვედრების მთავარ მიზანს სოფლებში არსებული პრობლემების მოსმენა, მსჯელობა და საჭიროებებიდან გამომდინარე მათი 2020 წლის ბიუჯეტში ასახვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები